თბილისი იმუქრება - რუსეთთან მოლაპარაკებებს შევწყვეტო - კვირის პალიტრა

თბილისი იმუქრება - რუსეთთან მოლაპარაკებებს შევწყვეტო

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის მეთაურმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ბოლო კვირის მანძილზე უკვე ორჯერ დააკავეს რუსი სამხედროების მიერ დაქირავებულები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ჩატარებას აპირებდნენ. ბოკერიამ თქვა, რომ თუ მსგავსი ინციდენტები არ შეწყდება, თბილისი რუსეთთან მოლაპარაკებებზე ხელს აიღებს.

რუსეთი ეჭვით კი შეხვდა ამ ბრალდებებს, მაგრამ ბოკერიას მიერ მიწოდებული დაგეგმილი აფეთქებების დამადასტურებელი მონაცემების შესწავლას მაინც შეჰპირდა.

გარდა ამისა, საქართველო მოლაპარაკებებს მართავს რუსეთთან მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თაობაზე.

ბოკერიას თქმით, საქართველო იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს რუსეთის მსო-ში შესვლას, თუ მოსკოვი "კომპრომისს მოძებნის საზღვრების გამჭვირვალობის საკითხში", მაგალითად, დათანხმდება დამოუკიდებელი დამკვირვებლების განთავსებას რუსეთსა და სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს შორის საზღვარზე. მაგრამ, - დასძინა ბოკერიამ, - მსგავსმა ინციდენტებმა შეიძლება საქართველოს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

"თუ სიტუაცია გაუარესდება, ის ყველაფერზე იმოქმედებს, თუ რუსეთი განაგრძობს მოქმედებას, როგორც ტერაქტების სპონსორი სახელმწიფო, ეს ყველაფერს შეცვლის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ქართული მხარის ცნობით, წინა კვირაში მამაკაცმა და ქალმა აღიარეს, რომ რუსეთის სამხედროებმა აფხაზეთში ისინი დაიქირავეს აფეთქების მოსაწყობად. მამაკაცმა თქვა, რომ რუსმა სამხედრომ 2.000 დოლარი შესთავაზა, თბილისში, ნატოს ოფისთან ბომბის ასაფეთქებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ქართული დელეგაცია "საქართველოს ყველა წარუმატებლობას საშინაო და საგარეო საკითხებში, რუსეთისთვის გადაბრალებას ცდილობს. რუსეთის ჯაშუშების კვალის ძებნა მანიაკური აკვიატებაა. მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ ქართულ ოპოზიციას რუსეთის ხელი მართავს". ლუკაშევიჩმა ევროპელ დამკვირვებლებს მოუწოდა, უფრო მკაცრად გააკონტროლონ ქართული ძალები.

ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავალი პიერ მორელი რუსეთ-საქართველოს მდგომარეობას აღწერს, როგორც სტაბილურს, მაგრამ არაპროგნოზირებად და საშიშ ესკალაციაში გადასვლის პოტენციალის მქონეს.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ