საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები გმობენ - კვირის პალიტრა

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები გმობენ

უფლებადაცვითი ორგანიზაციები: ფონდი "ადამიანთა უფლებების სახლი" (HRHF), "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია" (FIDH), "მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ" (OMCT), "ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტი" (NHC) გმობენ თბილისში, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას და ერთობლივი წერილით მიმართავენ

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს

ასლი: შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს ჩვენი ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ეს შემთხვევა წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმისას, თუ როგორ არ სცემენ საკმარისად პატივს ქართველი ხელისუფალნი მშვიდობიანი შეკრებების უფლებას. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც 2011 წლის 3 იანვარსა და 25 მარტს ჩატარდა, ასევე ძალადობრივად დაშალა პოლიციამ.

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლას. ეს დოკუმენტები იმის ილუსტრაციაა, რომ საქართველო პატივს არ სცემს არც თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, არც კონსტიტუციის მოთხოვნას მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

2009 წლის ივლისში საქართველოს კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ოფიციალური შენობების წინ შეკრებების გამართვის უფლებას და აწესებს უფრო რთულ პროცედურებს ნებართვის მისაღებად. მას შემდეგ რამდენიმე შემთხვევამ დაადასტურა ამ ჩასწორებათა ნეგატიური ზემოქმედება შეკრებების თავისუფლებაზე.

ახლახან, 2011 წლის 25 და 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის ასობით მხარდამჭერი ძალადობრივად დაშალეს მას შემდეგ, რაც მათთვის მიცემული ნებართვის ვადა ამოიწურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 მოქალაქე, ხოლო დაპატიმრებულია 105 კაცი. ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ცნობით, ათობით დემონსტრანტი ჯერ კიდევ დაკარგულია.

ჩვენი ორგანიზაციები შეშფოთებული არიან ნახსენები მოვლენების გამო და საქართველოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაამხილოს იმ დაკავებულთა ადგილსამყოფელი, რომლებიც დღემდე დაკარგულები არიან და სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) მიერ 2010 წლის თებერვლის ვიზიტის შემდეგ ფორმულირებული რეკომენდაცია. CPT-მა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ის, რომ ადვოკატთან დაკავშირების უფლება ნამდვილად მიეცემა ყველა დაკავებულს და ყველა მათგანს გარანტირებულად ექნება დამოუკიდებელი  ექიმის კონსულტაციის მიღების უფლება.

ეს ინციდენტები ცხადყოფს იმას, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი, არ ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებისა და ასევე ქვეყნის წინაშე ნაკისრ მოვალეობებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მან ივალდებულა, დაიცვას და გაავრცელოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების უფლება, რაც დადგენილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ECHR) მე-10 და მე-11 მუხლებით. იმავე უფლებებს იცავს  საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი.

საქართველომ 2011 წლის ივნისში უნდა გაიზიაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაცია 106.52, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ წარმოადგინა. ბოლოდროინდელი მოვლენების კვალად განსაკუთრებით სასწრაფოა ამ კონკრეტული რეკომენდაციის მიღება, რათა წინ აღუდგნენ დემონსტრანტთა რეპრესიებს პოლიციის მხრიდან.

შეშფოთებულნი ვართ რა სიტუაციით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

**უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ECHR და საქართველოს კონსტიტუციით;

**უშიშროების ძალებისთვის გამოსცეს მკაფიო ინსტრუქციები, რათა შეიზღუდოს დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მათ შორის ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საბაზისო პრინციპებისა და სამართალდამცავი ძალების თანამშრომელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად;

**დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული და დაპატიმრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიან შეკრებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ გააუქმოს ყველა სახის ადმინისტრაციული ბრალდება და ჯარიმა;

**დაუყოვნებლივ დაიწყოს ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გადამეტებით გამოყენების, საპატიმროებში დემონსტრანტებისადმი ცუდი მოპყრობის გამო და ამ ძალადობაში დამნაშავეები გადასცეს სასამართლოს;

**ყველა დაზარალებული უზრუნველყოს კომპენსაციით, რეპარაციითა და რეაბილიტაციით. ECHR-ის მე-5 პარაგრაფის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გადაუხადოს კომპენსაცია ყველა უსაფუძვლოდ დაპატიმრებულს და დაკავებულს;

**გაატაროს ეფექტიანი ზომები რეპრესიების აღსაკვეთად: ყველა დაპატიმრებული დაუყოვნებლივ წარუდგეს სასამართლოს, დაპატიმრებისთანავე შეეძლოს დაკავშირება მის მიერ შერჩეულ ადვოკატთან, დამოუკიდებელ ექიმთან და ჰქონდეს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება. ნებისმიერ დაკავებულს უფლება უნდა ჰქონდეს, მესამე მხარეს მიაწოდოს დაკავების შესახებ ინფორმაცია;

**კანონში შეიტანოს შესწორებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ისე, რომ კანონი შეესაბამებოდეს ქვეყნის საერთაშორისო უფლებადაცვით ვალდებულებებს.

"ჰუმან რაითს ჰაუს ნეთვორკი", აშშ