არა - ერთპარტიულ პოლიტიკას! - კვირის პალიტრა

არა - ერთპარტიულ პოლიტიკას!

საქართველოსა და თურქეთში მტკიცედ იკიდებს ფესვს ფსევდოერთპარტიული სისტემა.

გასული ათწლეულის განმავლობაში თეთრმა პარტიამ (AK) თურქეთი შეცვალა. მან ქვეყანა ეკონომიკური წარმატების მაგალითად აქცია და თურქეთის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკათა შორის მე-17 ადგილზე მოხვდა. მან მოარჯულა სამხედროები, გაწმინდა სასამართლო სისტემა, შეძლო უმცირესობებთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთის ექსპერტთა უმეტესობამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც გასულ კვირას, არჩევნებზე, AK-მ ვერ შეძლო ხმების დიდი უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს, რომ ახალ მთავრობას კონსტიტუციის გადასაწერად კონსენსუსი დასჭირდება. ეს კი დააწესებს კონტროლს რეჯებ თაიფ ერდოღანის შესაძლო სურვილზე -„პუტინიზმის“ გზით წავიდეს და საკუთარი თავი ახალ, ძლევამოსილ აღმასრულებელ პრეზიდენტად აქციოს.

საქართველოც სულ მალე აღმოჩნდება ასეთსავე გზაგასაყარზე. წარმატებულმა პარტიამ მოიგო ორი არჩევნები და პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებს. 2012-1013 წელს მას ახალი გამოწვევები ელის, თუმცა საქართველოში ისინი კონსტიტუციას ახლა ცვლიან. იციან კი, სად უნდა შეჩერდნენ, თუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი წარმატებების გაუქმებას დაიწყებენ?

საქართველოში პრობლემები უფრო მწვავეა, ვიდრე თურქეთში. ერთპარტიულ სისტემებს სხვადასხვა სახე და მასშტაბი აქვთ, დაწყებული შედარებით რბილიდან (Washington DC, britaneTis koaliciamde), დამთავრებული ავტორიტარული და დიქტატორული ფორმებით (თურქმენეთი და სირია). საქართველოს შემთხვევაში შემაშფოთებელია ის, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ მთავრობას და პარლამენტს, არამედ ყველა რეგიონულ ხელისუფალს აკონტროლებს. მეტიც, მას მხარს უჭერს სამი მთავარი სატელევიზიო არხი. სასამართლო სისტემა კი სუსტია.

მე რამდენიმე თვე ვმუშაობდი ანგარიშზე, რომელიც საქართველოს მომავალს ეხებოდა. ანგარიშის სათაურია "საქართველოს არჩევანი". გაოცებული დავრჩი იმით, თუ როგორ დაოსტატდა მმართველი ხელისუფლება დასავლური ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებაში, რათა მთავარი მოთამაშის სტატუსი შეინარჩუნოს. ეს პოსტსაბჭოთა სივრცის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია.

სახელმწიფოები ძლიერდება და ასევე ძლიერდება მმართველი ელიტის უნარი ძალაუფლების შენარჩუნებისა. მმართველი პარტია ავრცელებს იდეას, რომ არ არსებობს მისი ალტერნატივა და ამ აზრს რესურსების მასობრივი დემონსტრირებით განამტკიცებს. მიხეილ სააკაშვილი ჰოსნი მუბარაქი არ არის. ის ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია საქართველოში. მისი პრობლემა იდეების ნაკლებობა კი არა, პირიქით, მათი სიუხვეა. მთავარ გამოცდად ეკონომიკა იქცევა. თურქეთის მსგავსად, საქართველო საკუთარ თავს წარმატებული ეკონომიკის ქვეყნად წარმოაჩენს, მაგრამ მისი მთავარი მიღწევები 2004-2008 წლებს განეკუთვნება.

თურქეთში ეკონომიკის გადახურების ეშინიათ. საქართველოსთვის ასეთი პრობლემები საოცნებოა. ულტრალიბერალური მიდგომა, რომელმაც უზრუნველყო უცხოური ინვესტიციების სწრაფი შემოდინება 2006-2008 წლებში, ვერაფერს მოუხერხებს ფესვგადგმულ სიღარიბეს. წელს საქართველოს ეკონომიკის შედარებით ჯანსაღი ზრდა ჰქონდა, მაგრამ უმუშევრობა ისევ მაღალია და საკვებ პროდუქტზე ინფლაციამ 30% შეადგინა. ოდესღაც მდიდარ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანას ახლა თავისი საკვები პროდუქტის ოთხი მეხუთედი გარედან აქვს შემოტანილი.

ასეთი პრობლემების პირისპირ, მრავალპარტიული პოლიტიკა სულ უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ხანდახან სასარგებლოცაა, ოპონენტთა ბრალდებათა ნაწილის  გაზიარება.

თომას დე ვაალი

"ნეიშენლ ინტერესტი", აშშ