საქართველო ევროპისგან მეტი ყურადღების ღირსია - კვირის პალიტრა

საქართველო ევროპისგან მეტი ყურადღების ღირსია

ევროპის კავშირი ძილბურანიდან ნელ-ნელა  გამოდის და ხვდება, რომ ორგანიზაციის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთისკენ გადაუდებელი პრიორიტეტია. ხორვატია მალე მიუერთდება ევროკავშირს, შემდეგი სერბეთი იქნება, დროთა განმავლობაში მათ მიჰყვებიან ალბანეთი, ბოსნია, მაკედონია და კოსოვო.

როგორც ეტყობა, მოლდავეთის სტატუსიც მალე შეიცვლება, მაგრამ რა ელის საქართველოს? ისე ჩანს, რომ ევროკავშირს ეს ქვეყანა მივიწყებული ჰყავს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპულმა დიპლომატიამ საქართველოს დიდი სარგებლობა ვერ მოუტანა. პოლონეთს იმედი გაუცრუა, გერმანელები გააბრაზა და სხვა მისი მხარდამჭერი სახელმწიფოების სიმპათიები დაკარგა. გასულ თვეში კოსოვოს პრეზიდენტი ვარშავაში ბარაქ ობამასთან ვახშმად მიიწვიეს, სააკაშვილი - არა. ეს საგრძნობი შეურაცხყოფა იყო...

წავიდა ის დრო, როდესაც ქართველი ლიდერი ევროატლანტიკური თანამეგობრობის საყვარელი რეფორმატორი იყო. ის ერთი ხელით კორუფციას ანადგურებდა, მეორით - ინფრასტრუქტურას ავითარებდა, თანაც ცდილობდა, რბილი ძალის გამოყენებით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ხალხის ლოიალობა დაებრუნებინა.

საქართველოს მიღწევები იმ მომენტში მართლაცდა გაბუქებული იყო, მაგრამ დღეს ამ მიღწევებს დაუმსახურებლად შემცირება ემუქრება. რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წევრის განცხადების მიუხედავად, საქართველოში დიქტატურა არ მეფობს. მისი ეკონომიკა სასწაულით გადაურჩა ომსაც, ტერაქტებსაც და მედიაში შავ პიარსაც. მათ კი, ვისაც არ შეუძლია სააკაშვილს აპატიოს შეცდომები (მათ შორის იმპულსურობა, მრჩეველთა ცუდი გუნდი და თავისი სისუსტეების დაუნახაობა), არ უნდა დასაჯონ ქართველი ხალხი მათი ლიდერის ნაკლოვანებათა გამო.

წინათ საქართველოს მიმართ ევროპის გულგრილობას ამერიკის სიყვარული აწონასწორებდა. მაგრამ როგორც ამას წინათ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა (გადადგომამდე) აღნიშნა, აშშ-ის და ევროპის პასუხისმგებლობა ნაცარტუტად იქცევა შესაძლო მოკავშირეების აპათიის, სიხარბისა და გულგრილობის წყალობით.

საქართველო ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ მედგრად და სიხარულით ეწევა მის ტვირთს. თუმცა, ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს მომავალში აშშ-ის ყურადღების შესანარჩუნებლად.

საქართველოს არაფრად ჩაგდება რუსეთს უბიძგებს, მისთვის არასასურველი პატარა ქვეყნების ზურგს უკან ევროპასთან გარიგებები აწარმოოს.

არ შეიძლება ამგვარი ამაზრზენი პრეცედენტის შექმნა.

"ეუროპიენ ვოისი", დიდი ბრიტანეთი