საქართველო - 2011 წელს ყველაზე გაუმჯობესებული შედეგით - კვირის პალიტრა

საქართველო - 2011 წელს ყველაზე გაუმჯობესებული შედეგით

სამი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სადავო ტერიტორიების გამო. ამერიკულმა ორგანიზაციამ "ფონდი მშვიდობისათვის" უუნარო ქვეყნების 2009 წლის რეიტინგში საქართველოს 33-ე ადგილი მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ჰქონდა გაცილებით უკეთესი შედეგი (მაგალითად, მე-60 ადგილი 2006 წელს), წლევანდელი მაჩვენებელიც (47-ე ადგილი) შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად - საქართველომ 2011 წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა. კერძოდ, 10 ადგილით წინ წაიწია და ქულები 4,0-ით გაიუმჯობესა.

საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას საფუძვლად უდევს გარე და შიდა დაპირისპირების შემცირება. დემოგრაფიული მდგომარეობისა და უკმაყოფილების მაჩვენებლები გაუმჯობესდა 0,4 ქულით. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობისა და ასევე, ინტელექტუალთა ემიგრაციის მაჩვენებლებიც. გარე საფრთხეების ინდიკატორმა, რომელმაც 2009 წელს 9.5 ქულას მიაღწია, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2011 წელს, 8.5-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კარგი მაჩვენებელი, ინდიკატორი სულ რაღაც 2 წელიწადში 1,0 ქულით გაუმჯობესდა.

ადვილი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს წინსვლა გამოწვეულია იმით, რომ  მისმა დიდმა მეზობელმა შეანელა აგრესია. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველომ წარმატებას უფრო მეტად მიაღწია ინსტიტუციური რეფორმების წყალობით. უეჭველია, რუსეთის თავდასხმის საფრთხის შემცირებამ წვლილი შეიტანა გარე საფრთხეების ინდიკატორის გაუმჯობესებაში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მთავრობის რეფორმებმა - როგორებიცაა გამჭირვალობა უშიშროების სისტემაში და კორუფციის აღკვეთა, მთავარი როლი ითამაშა საქართველოს საერთო ქულაზე.

ეს რეფორმები აისახა ბევრ ინდიკატორში. სახელმწიფოს ლეგიტიმურობის ინდიკატორი გაუმჯობესდა 0,6 ქულით, ხოლო საზოგადოებრივი მომსახურების, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის ინდიკატორები -' 0.4 ქულით. კორუფციის დამარცხებამ ქვეყანაში შექმნა უკეთესი ბიზნესგარემო და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამის წყალობით ქვეყნის ეკონომიკური ინდიკატორი 0.5 ქულით გაუმჯობესდა.

მიუხედავად ამისა, საქართველო არ უნდა ჩავთვალოთ სამაგალითო ქვეყნად, რომელმაც სასწაულებრივად შეძლო შემობრუნება სრული სტაბილურობისკენ. თუმცა, აშკარაა, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას და მუშაობს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე.

(იხ. გვ.42)

"ფონდი მშვიდობისათვის", აშშ