სამხრეთ ოსეთს ახალი პრეზიდენტი მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

სამხრეთ ოსეთს ახალი პრეზიდენტი მიუსაჯეს

სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ, საათნახევრიანი თათბირის შემდეგ, "არაკონსტიტუციურად" ცნო რეფერენდუმზე - პრეზიდენტის თანამდებობაზე ზედიზედ სამჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის უფლების საკითხის გატანა, ამიტომ ნოემბერში რესპუბლიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. სამაგიეროდ, ნამდვილად ჩატარდება რეფერენდუმი რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად აღიარების შესახებ.

სანამ უმაღლესი სასამართლოს სხდომა მიმდინარეობდა, ცხინვალის ცენტრში რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა საინიციატივო ჯგუფის მიტინგი ტარდებოდა. მოპირდაპირე მხარეს კი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები კონსტიტუციის დაცვას მოითხოვდნენ.

საქმე ის გახლავთ, რომ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით, უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით ირჩევენ ერთსა და იმავე პირს. ახლანდელი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო სავარძელში უკვე მეორედ ზის. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება, თვითონ კი მესამედ კენჭისყრას არ აპირებს. მან კი თქვა, მაგრამ ორი თვის წინ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა ჯგუფმა მაინც მიმართა რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს რეფერენდუმზე ორი საკითხის გატანის თხოვნით:

შეიძლება თუ არა ერთმა პირმა პრეზიდენტის პოსტი სამჯერ დაიკავოს და რუსული ენა ოსურთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარონო. ამაოდ გაისარჯნენ - სამხრეთ ოსეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ჯერჯერობით პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია რესპუბლიკის მთავარი სასამართლო პრისტავი სერგეი ბიტოევი.

ადგილობრივმა ოპოზიციამ ჯერჯერობით მხოლოდ "სახალხო ფრონტის" შექმნის შესახებ გამოაცხადა. ლიდერიც აირჩიეს - რფ-ის მთავარი მწვრთნელი თავისუფალი სტილის ჭიდაობაში ჯამბულათ თედეევი.

"კომერსანტი", რუსეთი