რატომ უყვარს სტურუას შუშანიკი, მიხაილ ნიკოლოზოვიჩი კი - არა - კვირის პალიტრა

რატომ უყვარს სტურუას შუშანიკი, მიხაილ ნიკოლოზოვიჩი კი - არა

საყოველთაოდ ცნობილია, საუკუნეთა მანძილზე ჩვენი მეზობლები, რომლებსაც თავი ყოველთვის დახვეწილ ინტელიგენტებად მოჰქონდათ, ანტისომხური მარაზმით არიან შეპყრობილნი. ამაზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა... XIX საუკუნიდან მოყოლებული, ქართულ ინტელიგენციას უპირველესად "ქართველ განმანათლებელთა" - ჭავჭავაძის, წერეთლის და მათი მიმდევრების შურისა და არმენოფობიის ჭია ღრღნიდა.

რატომ არ არსებობს ერთგვაროვანი ქართული ეთნოსი (მაგრამ არიან ქართლელები, ხევსურები, მეგრელები, ჭანები, მესხები, იმერლები, სვანები, თუშები, მუსლიმანი აჭარლები და სხვ.), ქართველ გლეხთა 70-80% რატომ იყო ყმა, სომხები - არა? თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რატომ არის სომეხი? ორასი წელია აღმოსავლეთ ქართლს რატომ არ ჰყავს ქართველი მმართველი? უამრავი "რატომ" იყრის თავს, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი იყო: დამნაშავეები ან სომხები არიან, ან გაქართველებული სომხები. ასე განსაჯეთ და, თურმე 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადებაც სომხების მოკვარახჭინებული ყოფილა, 1801 წელს ქართულ მიწაზე "რუსული ჩექმაც" მათი ნაჩალიჩარია და სხვა მრავალი ავადმყოფური ნაბოდვარი, რომელზეც პასუხის გაცემაც არ ღირს.

საერთოდ, მრავალეროვან სახელმწიფოს და პატარა "იმპერიებს" საერთო სენი სჭირთ - სხვა ხალხებში ეძებენ "არაკეთილმოსურნეებს". საქართველო არის ეროვნული და რელიგიური პრობლემებით დახუნძლული მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყანა, ამ პრობლემებს კი საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს, განსაკუთრებით ინტელიგენცია. ამავე დროს, ეს პრობლემები ხელსაყრელი ინსტრუმენტია იმ პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, ვინც მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ილაშქრებს.

ქართველ ოპოზიციონერთაგან, ან ანტისააკაშვილის პოზაში მდგომ ინტელიგენტთაგან ვინმეს თუ მოუნდება პრეზიდენტის გაკილვა, გალანძღვა ან გაკრიტიკება, მაშინვე მისი "სომხური ფესვები" ახსენდება. ჩვენი ქართველი "მეგობრების" აზრით, ეროვნება სომეხი ან სომხური ფესვების ქონა - შავი ჭირის ტოლფასია. როგორ ეყვარება დიდი ქართლი სომხური წარმოშობის კაცს, რომელიც ატყუებს საქართველოს "სუფთასისხლიან და "სუფთარელიგიურ" მოსახლეობას, და აშშ-ის სომხური ლობის წყალობით პრეზიდენტის სავარძელს დაეუფლა.

გგონიათ, ეს ნაწყვეტია კურიოზების თეატრის სპექტაკლიდან? არა, ეს აზრები ეკუთვნის სსრკ-ის სახალხო არტისტს, ყველანაირი სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, რფ-ის ხალხთა მეგობრობის რაინდის ორდენის კავალერს, რეჟისორ რობერტ სტურუას. საქინფორმის კითხვას, - რატომ არ უყვარს სააკაშვილს ქართველი ხალხიო, უპასუხა: - რას იზამ, ის ხომ სომეხიაო. მერე კი, თავისი "ბრწყინვალე აღმოჩენით" ფრთაშესხმული "დამწუხრებული" დასძენს, რომ სააკაშვილი ისე არ არის განწყობილი საქართველოსადმი, როგორც თავის დროზე სომეხი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ქალიშვილი შუშანიკი. სტურუა გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ამერიკამ სააკაშვილი საქართველოს დასაღუპავად გააპრეზიდენტა (თითქოს წინა ორი პრეზიდენტის დროს ყვაოდა და ვითარდებოდა).

ვიღაც ვაიჟურნალისტმაც კვერი დაუკრა, - სააკაშვილი ხელისუფლებაში ამერიკის სომხურმა ლობიმ მოიყვანაო. საიდან აქვთ ეს ცნობა? ეს ხალხი ან პოლიტიკური ბომჟი-ჩიტირეკია, ან მხდალია და ამერიკის სომხური ლობის "ზეძლიერებამ" დააფრთხო. მაგრამ არსებობს მესამე მიზეზიც - ქრონიკული და მოურჩენელი არმენოფობია, რომლისგანაც ვერა და ვერ განიკურნება ქართველი საზოგადოების "ნაღები". ისეთი "სუფთა" ქართველისთვის, როგორიც სტურუაა, სომეხი სააკაშვილი უცხოა (თითქოს თვითონ სუფთა ქართველია!).

წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის წინაპრები გაქართველებული სომხები იყვნენ. მერე რა? ე.ი. სტურუა და მისთანანი არ უნდა თვლიდნენ ქართველებად აღმოსავლეთ საქართველოს იმ მეფეებს, რომლებიც  XVII  საუკუნიდან მოყოლებული, 1801წელს, რუსების მოსვლამდე სპარსეთის შაჰის მონები იყვნენ და მეფობის უფლებას მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ იღებდნენ. მაშ, რა დააშავა სააკაშვილმა? რით არის შევარდნაძეზე უარესი, რომლის დროსაც საქართველოში კორუფცია და ანარქია სუფევდა. არა გვგონია, რომ რუსული მეგობრობის ორდენის კავალრის განცხადებაზე ქართველი სომხები უნდა განაწყენდნენ ან აღფრთოვანდნენ.

სტურუა არც პირველია და არც უკანასკნელი. სანამ არსებობს სომხეთი და სომეხი ხალხი, იქნებიან სტურუები და სხვა ნაციონალისტები. კაცი, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს, სხვა ხალხზე აუგს არ იტყვის. დაუჯერებელია, რომ საქართველოში მხოლოდ მისნაირები იყვნენ. მაგალითად, სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" სტურუას ქმედება დაგმო და მოსთხოვა მას სააკაშვილსა და საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადოს თავისი არატოლერანტული გამონათქვამების გამო.

P.S. სტურუას და მისთანათა დასამშვიდებლად: აშშ-ის სომხური ლობი არც ისეთი ძლიერია, რომ საქართველოში პრეზიდენტად თავისი კაცი დასვას. ხომ გაგიგონიათ, - ძაღლი შინ არ ვარგოდა, გარე-გარე დარბოდაო...

"ნაციონალური იდეა", სომხეთი