თომას დე ვაალი: "არავითარ შემთხვევაში არ არის დემოკრატიის შუქურა" - კვირის პალიტრა

თომას დე ვაალი: "არავითარ შემთხვევაში არ არის დემოკრატიის შუქურა"

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს. ის ნონკონფორმისტია და ყოველთვის იყო განსხვავებული. პლურალიზმის ძლიერი ტრადიცია კი აქვს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის იგივე, რაც სრული დემოკრატია.

პარადოქსულია, მაგრამ მისი ახალგაზრდა, მოდერნიზატორი, დინამიკური მთავრობა, რომელმაც უამრავი რეფორმა წამოიწყო, ეტყობა, ამავე დროს ერთპარტიულ ქვეყანას ქმნის. მათ მიერ გატარებულ რეფორმათაგან აღსანიშნავია პოლიციის რეფორმა, თუმცა ჩანს გადაჭარბების ნიშნები. პოლიცია ახლა ყველაზე ძლევამოსილ ინსტიტუტად იქცა. ციხეები სავსეა.

საქართველო პატიმართა რაოდენობით (ერთ სულ მოსახლეზე გათვლით) მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა აშშ-ის, რუსეთისა და ორიოდე პატარა ქვეყნის შემდეგ. საქართველოს სასამართლოებში, სისხლის სამართლის საქმეებიდან მხოლოდ 0.04% სრულდება გამამართლებელი განაჩენით, ანუ მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდება. კორუფციისა და კრიმინალის დამარცხების პროცესში, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, საქართველო ნელ-ნელა პოლიციურ ქვეყანას ემსგავსება.

საქართველო გარდამავალ პერიოდში შედის. მომავალ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო 2013 წლის დასაწყისში - საპრეზიდენტო. სწორედ 2013 წელს დაასრულებს სააკაშვილი თავის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ამ დროს პოსტრევოლუციური თაობა უნდა განახლდეს.

მათ შეცვალეს კონსტიტუცია ისე, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებასთან ერთად ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობაც დასრულდება. ბევრი ამას  უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევს.

ახალი, ძლიერი პრემიერ-მინისტრი გადაიბარებს პრეზიდენტის ბევრ უფლებამოსილებას, ხოლო პრეზიდენტს უფრო სუსტი როლი დაეკისრება, ის საგარეო პოლიტიკას მიაქცევს ყურადღებას. ეს, რაღა თქმა უნდა, უამრავ კითხვას ბადებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მუშაობს საარჩევნო სისტემა, "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა", როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს, უმრავლესობას მოიპოვებს და მერე ახალ პრემიერ-მინისტრსაც აირჩევს.

შედეგად კი შეიძლება ნაცნობი სურათი მივიღოთ. საკითხავი ისაა, გაბედავს კი მიხეილ სააკაშვილი გაპრემიერმინისტრებას. ტექნიკურად მას ეს შეუძლია, მაგრამ ამას ნამდვილად ექნება ცუდი გამოხმაურება და უცხოეთში მის ლეგიტიმურობას საეჭვოს გახდის.

საქართველოს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც დიდი, წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნისა. მაგრამ ყველამ, ვინც საქართველოში ყოფილა და რეალობა უნახავს, იცის, რომ ეს ძირითადად ჭკვიანური პიარ-კამპანიაა. არის ორიოდე კარგი მაჩვენებელი, მაგალითად, ადვილია ბიზნესის დაწყება და გატარდა ანტიკორუფციული ზომები.

საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს. მთავრობამ ჩაატარა რამდენიმე საჭირო რეფორმა, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პროცესის დასასრულისგან. არსებობს პრობლემათა ნუსხა. ინფლაცია ახლა დაახლოებით 14%-ია, კონკრეტულად საკვებ პროდუქტებზე კი - 30%. მთავრობამ რეალურად უყურადღებოდ დატოვა სოფლის მეურნეობა. შედეგად კი დღეს საქართველოში, რომელიც ოდესღაც მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო, საკვები პროდუქტის 80% შემოტანილია. გარდა ამისა, უმუშევრობა ძალიან მაღალია -  დაახლოებით 30% თბილისში.

საქართველოს პრეზიდენტს "კავკასიაში სინგაპურის" შექმნა სურს. ეს ის მოდელია, რომელმაც ევროპისა და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში წარმატებას მიაღწია, მაგრამ სხვა სექტორებში იგივე ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ "სინგაპურიზაცია" მიმზიდველად ჟღერს, საქართველო მაინც  აგრარული ქვეყანაა. ის არც ერთი თვალსაზრისით არ არის დიდი ცენტრი და სწრაფი მოდერნიზაციის შესაძლებლობებიც მეტად მცირე აქვს. გეოგრაფიულად ეს ევროპული ქვეყანაა, მისი მეზობლები ევროპისკენ იხედებიან, მას დასაყრდენი სჭირდება, განსაკუთრებით რუსეთთან მისი პრობლემების გამო და ამიტომ ევროკავშირი მისთვის საუკეთესო მოდელი უნდა იყოს, მაგრამ ეს გულისხმობს ძალაუფლების მონოპოლიის ნაწილის დათმობას და არა მართვის იმ არაფორმალურ სტილს, რომელიც მმართველ ელიტას მოსწონს, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის გეზი, რომელსაც ისინი უნდა მიჰყვნენ.

ამიტომ საქართველოს ბრიუსელისგან და აშშ-ისგან მეტი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ზოგიერთი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ  ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი პრობლემები. ის არავითარ შემთხვევაში არ არის მოდელი და არც დემოკრატიის შუქურა. საქართველოს აქვს პოზიტიური მომენტები, მაგრამ მას პირობებზე დაფუძნებული სიყვარული სჭირდება.

ასეთი სიყვარული კი ნიშნავს მკაცრ ბიძგებს სწორი მიმართულებით. ეს ხალხი სასწაულმოქმედი არ არის და შინ მათ არა აქვთ კონტროლისა და ბალანსის მწყობრი სისტემა.

ასე რომ, კონტროლი და ბალანსი გარეგანია და ეს მართლა აკისრებს პასუხისმგებლობას ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რათა ქართულ ელიტას  დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულებისკენ უბიძგონ.

იბეჭდება შემოკლებით

"კარნეგი ენდოუმენტი", აშშ