გაერომ ქართველი ლტოლვილები აღიარა - კვირის პალიტრა

გაერომ ქართველი ლტოლვილები აღიარა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია "აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ". საქართველომ თავისას მიაღწია -  გაეროს მიაღებინა რეზოლუცია, რის თანახმადაც 2008 წლის ხუთდღიანი ომის შედეგად საცხოვრებელდაკარგული ხალხი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას მიიღებს. გაეროში საქართველოს წარმომადგენელი კახა ლომაია ამბობს, რომ "ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს".

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ ამგვარი რეზოლუცია პირველი არ არის: "ასეთი რეზოლუციები ალბათ უკვე ათეულებს ითვლის. სამწუხაროდ, ისინი არაეფექტიანია. 300 ათასზე მეტი ქართველი გამოდევნეს აფხაზეთიდან, ისინი რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მაგრამ მათი დაბრუნების მექანიზმი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, არ ღირს ხალხის იმ ადგილებში ჩასახლება, სადაც მათ მტრულად შეხვდებიან", - მიაჩნია დეპუტატს.

პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის წამყვანი ექსპერტის, პაველ სალინის აზრით, ამ რეზოლუციის მიღება საქართველოს გამარჯვებას არ ნიშნავს.

"დასავლეთის ქვეყნები რთულ კომბინაციას ათამაშებენ. ერთი მხრივ, საქართველოს არც თუ დიდი ხნის წინ უარი ეთქვა სარჩელზე, რომელშიც ის ბრალს სდებდა რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებულ პირთა დისკრიმინაციაში. ევროპულმა სტრუქტურებმა ფაქტობრივად უთხრეს, - ერთმანეთში მოილაპარაკეთო, მაგრამ იმის გამო, რომ ქართული მხარე დასავლეთში "კარგი ბიჭის" რეპუტაციით სარგებლობს, საჭირო იყო მისთვის თაფლაკვერის გადაგდება. ეს რეზოლუციაც სწორედ ასეთი თაფლაკვერია და სხვა არაფერი. დასავლეთი ამ პრობლემისგან სულ უფრო და უფრო შორს იჭერს თავს.

კვლევითი ფონდის, "ჯეიმსთაუნის", პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის დასაგმობი მორიგი რეზოლუცია მიიღეს, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ მხარდაჭერა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებისადმი. "ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთია, არ უნდა შეასუსტონ საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ამ რეგიონში კონფლიქტი მხოლოდ გაყინულია. ერთი პრობლემაა ქართველი ლტოლვილები, მეორე - გაეროს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა. მათ უნდა შევახსენოთ აფხაზეთიდან დევნილთა შესახებ, რათა იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს დაეხმარონ", - ხაზგასმით აღნიშნავს გლენ ჰოვარდი.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ", ამჯერად 57-მა ქვეყანამ მისცა ხმა, შარშან - 50-მა. წინააღმდეგნი იყვნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, ნიკარაგუა, რუსეთი, სერბეთი, სუდანი, ვენესუელა და ვიეტნამი.

"კომერსანტი", რუსეთი