"აფხაზეთს წესრიგი და მილიარდობით რუბლი სჭირდება - კვირის პალიტრა

"აფხაზეთს წესრიგი და მილიარდობით რუბლი სჭირდება

აფხაზეთი დიდი ცვლილებების მოლოდინშია - აგვისტოში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. საპრეზიდენტო მარათონში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც სერგეი ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

- აფხაზეთს ბევრი პრობლემა აქვს, - ამბობს ის, - ომმა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით. სამწუხაროდ, ჩვენ მწირი ბიუჯეტი გვაქვს, პრობლემების გადაჭრას კი დიდი ფული სჭირდება. 500 მლნ რუბლით ვერაფერს გავწვდებით, მილიარდებია საჭირო, თანაც დღესვე. ეს რეალური პრობლემებია.

სახლების ასაშენებლად, გზების გასაყვანად, ტრანსპორტისთვის, კავშირგაბმულობისა და ეკოლოგიის მოსაწესრიგებლად ინვესტიციებია საჭირო. ამის მოგვარება მოუწევს აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელებს. აფხაზეთი იყო და უნდა დარჩეს აგრარულ ქვეყნად, რაზეც მიბმულია ჩვენი კურორტებიც. ვერც ერთი კურორტი ვერ იარსებებს შემოტანილი პროდუქტებით. სამწუხაროდ, დღეს სტუმრებს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს ნაკლებად ვთავაზობთ, ამიტომაც ყველაფერი ძვირია და კურორტების რენტაბელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. დიდი დაბანდება უნდა ჩაიდოს სოფელში.

თუ სოფელი ღონიერია, ხალხიც მაგრად დგას ფეხზე. ჩვენთან, ქალაქებში, მათ შორის კურორტებზეც, ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის გამორთვა ხდება. ჩამოსულ დამსვენებლებს კი კომფორტი უნდა ჰქონდეს. მათ არ მოსწონთ, როცა უშუქობის გამო ლიფტში გაეჩხირებიან ან მშიერს დატოვებენ. პრაქტიკულად მთელი აფხაზეთი ელექტრონზეა დამოკიდებული - გაზი არ გვაქვს. როგორც სხვა სფეროებში, რუსეთის სერიოზული მხარდაჭერა გვჭირდება, რომ სოჭიდან აფხაზურ სანაპიროებამდე გაზის მილები გაიყვანონ.

ამაზე მოლაპარაკებებს რუს პარტნიორებთან კარგა ხანია აწარმოებდა განსვენებული სერგეი ბაღაფში. აფხაზეთში სოფელ-ქალაქებში უამრავი დანგრეული სახლია, მათი აღდგენის შესაძლებლობა არ გვაქვს. საჭიროა ინვესტიცია. აფხაზეთი ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ მათ არ მოსწონთ ის, რომ ჩვენთან მიწა არ იყიდება. თუ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ, უძრავ ქონებას ვერ შეიძენ. მაგრამ თუ კაცს ფული აქვს, მას სახლის ყიდვა მსოფლიოს ყველა კუთხეში შეუძლია. კანონით არ შეიძლება, მაგრამ სახელმწიფოს ზურგს უკან ათასი მაქინაციით მაინც ახერხებენ ამას. ამიტომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და რევოლუციური ნაბიჯი გადავდგათ - უცხოელებს საცხოვრებლის ყიდვის უფლება მივცეთ. და, რაც მთავარია, რესპუბლიკაში წესრიგი უნდა დამყარდეს, დანაშაული მოისპოს და ინვესტორებიც მოვლენ...

საქართველოსთან მშვიდობის დამყარება - ჩვენი მთავარი ამოცანაა, - განაგრძობს აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, - მე საქართველოსთან ურთიერთობას არ ვუკავშირებ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლა-არწასვლას. მთავარია, როგორი იქნება სახელმწიფო პოლიტიკა.

ჩვენ დღესაც მზად ვართ საქართველოსთან მშვიდობასა და თავდაუსხმელობაზე ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ჩვენ კეთილმეზობლური, მშვიდობიანი ურთიერთობა გვინდა. ახლა საქართველოსთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ამას წინათ ჩვენი დელეგაცია დაბრუნდა ჟენევის მორიგი შეხვედრიდან. ვერ ვიტყვით, რომ რაღაცით წინ წავიწიეთ, მაგრამ თათბირი მიმდინარეობს. ჩვენთვის ჟენევის მოედანი მნიშვნელოვანია იმით, რომ მსოფლიო სივრცეში გავდივართ და საკუთარ აზრს გამოვთქვამთ, თუნდაც ეს გასვლა არაეფექტურიც იყოს...

ანქვაბი ირწმუნება, რომ 2011 წლის არჩევნები კანონიერად, წყნარად და ექსცესების გარეშე ჩაივლის.

"ერ-ბე-კა", რუსეთი