...ჯაშუშობაში ადანაშაულებენ! - კვირის პალიტრა

...ჯაშუშობაში ადანაშაულებენ!

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ

ხუთშაბათს, გამთენიისას, საქართველოს პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოჟურნალისტი დააპატიმრა.

დაპატიმრება ქართული პოლიციის მიერ იმ ადამიანების დაკავების სერიას მოჰყვა, რომლებიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებისთვის დაიქირავა - ბრალდება, რომელიც რუსეთმა უარყო და შიდა პოლიტიკანობად შეაფასა. ხელმისაწვდომია საქმის მხოლოდ რამდენიმე დეტალი. პოლიციის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფები ეჭვმიტანილნი არიან ანონიმურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, რომელსაც“გარკვეული ქვეყნის”სპეცსამსახურებთან ფარული კავშირები ჰქონდა. სამსახურებრივი მდგომარეობის წყალობით, ფოტოჟურნალისტებმა შეაგროვეს და მიაწოდეს მასალები ორგანიზაციას "საქართველოს ნაციონალური ინტერესების საზიანოდ". ბრალდება 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაპატიმრებულნი არიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, რომელიც ასევე ფოტოგრაფია. დაპატიმრებულია ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ფოტოსააგენტო European Press-ის კორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე. ასევე დააკავეს თავისუფალი ფოტოგრაფი შახ აივაზოვი, რომელიც Associated Press-თან თანამშრომლობს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. პოლიცია ფოტოგრაფ აბდალაძის საცხოვრებელ სახლში ღამის 2 საათზე მივიდა. იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აიყვანეს. კონტრდაზვერვის მოხელეები სახლს რამდენიმე საათს ჩხრეკდნენ. დაკავებულების ადვოკატების თქმით, მათ არ აქვთ მედიასთან საუბრის უფლება, რადგან საქმე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მიუხედავად ამისა, მათ პირად საუბარში დაადასტურეს, რომ ლაპარაკი რუსეთზეა.

"ფრანსპრესი" საფრანგეთი

პროტესტანტთა მცირე ჯგუფმა მოიყარა თავი შს სამინისტროს შენობასთან, სადაც ფოტოგრაფები იყვნენ დაკავებული. ერთ მათგანს ეჭირა პოსტერი, რომელიც სააკაშვილს ბელორუსიის სასტიკ ლიდერს ადარებდა. ლუკაშენკო ხშირად აპატიმრებს ჟურნალისტებს.

საჯაროობის ფასის მცოდნე სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ევროპული სტილის დემოკრატიის ერთგულია, ყოველთვის უარყოფდა უფლებადაცვითი ორგანიზაციების ბრალდებებს მისი მთავრობის მიერ მედიის გაკონტროლებისა და მედიაზე ზეწოლის მცდელობის შესახებ. "შემაშფოთებელია ის, რომ ზოგიერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ჯაშუშობაშია დადანაშაულებული",“- თქვა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" წარმომადგენელმა იოჰან ბირმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებები ტიპურია სააკაშვილის ადმინისტრაციისთვის. "ეს მიუთითებს დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში, რომელსაც ასე ხშირად აღნიშნავენ ამ ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციები",“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს და სააკაშვილის ადმინისტრაციას ანტირუსულ პოზიციაში სდებს ბრალს.

"როიტერსი"

დაპატიმრებები, ჩანს, იმ ძალისხმევის ნაწილია, რასაც შს სამინისტროს თქმით, ეს უწყება არ იშურებს რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამო ომი გაჩაღდა. შს სამინისტრომ ფოტოგრაფები საქართველოს ინტერესების საზიანოდ ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულა. მედიის უფლებადამცველები სააკაშვილის მთავრობას მედიით მანიპულირებასა და პრესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.