დასავლეთი საქართველოს კარგავს? - კვირის პალიტრა

დასავლეთი საქართველოს კარგავს?

"ეს არის ქვეყანა, სადაც რადიკალური ცვლილებები ხდება, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს", - ამბობს ქვეყნის შს მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილი.

მაისის მიწურულს, შსს-ს ოფიცრებმა, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით სასტიკად დაარბიეს მარგინალური ოპოზიციური ჯგუფის საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში. სურათი შემაშფოთებელი იყო. ბევრისთვის ეს იმის მორიგი დადასტურება გახლდათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელია.

უტიაშვილის თქმით, შიდა მოკვლევა დაწყებულია. ზოგიერთმა პოლიციელმა ძალას გადაამეტა, რისთვისაც ისინი დაისჯებიან.„"მაგრამ მთლიანობაში, არ ვფიქრობ, რომ დაშლა ძალიან უხეში იყო", - დასძინა მან.

ეს, დაახლოებით ათასკაციანი დემონსტრაცია ვერ შეედრებოდა 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებს, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა და პოლიციის ხელკეტების პირისპირ აღმოჩნდა. ბევრი გარე დამკვირვებლისთვის ეს იმის პირველი ნიშანი იყო, რომ დასავლეთის ნებიერა, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დემოკრატიულ გმირად შერაცხილი სააკაშვილი, ამ სახელს ვერ ამართლებდა.

იმას, რომ სააკაშვილმა მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, ვერ უარყოფ. მაგრამ ოპოზიციის აზრით,„ბევრ პროგრესულ რეფორმას იმგვარად ახორციელებენ, რომ მათი დიდი ნაწილი დისკრედიტებულია.

ოპოზიციის მთავარ პრეტენზიებს შორისაა სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლი, ახირებული საკონსტიტუციო ცვლილებები და გამჭვირვალობის დეფიციტი. დასავლეთმაც ბოლო წლებში შეამცირა სააკაშვილის მხარდაჭერა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ ყურადღება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

გადამწყვეტი ტესტი ქვეყნის მოახლოებული არჩევნებია -–2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. უკვე ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა სურს და პუტინის მსგავსად, შესაძლოა, პრემიერმინისტრობა მოინდომოს, პრეზიდენტად კი თავისი კაცი დასვას.

ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად უყურებენ იმ საარჩევნო რეფორმას, რომელიც მეტი კონკურენციისთვის თითქოს უფრო გახსნილი სისტემის შექმნისკენაა მიმართული.

ცხადია, რომ მთავრობის მოხელეები არსად აპირებენ წასვლას და საუბრობენ ხუთ  და რვაწლიან გეგმებზე, რათა დაწყებული რეფორმები დაასრულონ.

"გლობალპოსტი" აშშ