"რუსეთმა ვერ შეძლო ქართველთა სიყვარულისა და პატივისცემის დანახვა" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ვერ შეძლო ქართველთა სიყვარულისა და პატივისცემის დანახვა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტერვიუ:

- უწმინდესო, ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის ომი იყო. მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. რა ეშველება ამ საქმეს?

- მივესალმები ყველას, ვინც თქვენ გისმენთ. ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ ჩიხიდან ორი გამოსავალი ყოველთვის არის. ამიტომ ის უთუოდ უნდა მოვძებნოთ. შეუძლებელია, მტრებად დავრჩეთ. ეს არაბუნებრივია საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც. ახლობლები ვიყავით და ისეთსავე ახლობლებად უნდა დავრჩეთ. საქართველო კვლავ ღრმა პატივისცემით არის გამსჭვალული რუსეთისადმი, მისი კულტურის, ისტორიის და ფილოსოფიისადმი. მგონია, რომ რუსეთსაც, რუს ხალხსაც ახსოვს საქართველო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, - ჩვენ აფხაზეთი არ გვჭირდებაო. მადლობა ღმერთს, რომ არ სჭირდება. განა შეიძლება აფხაზეთის გაცვლა საქართველოზე?

საერთოდ, რა საჭიროა ამის გაკეთება? ჩვენ რა, არ ვუშვებთ რუსებს აფხაზეთში ან საქართველოში? მე და ჩემს ხალხს ძალიან გვტკივა გული იმის გამო, რომ რუსეთმა 200 წლის მანძილზე ვერ შეძლო ქართველი ხალხის გულკეთილობის დანახვა, იმ პატივისცემისა და სიყვარულის დანახვა, რომელსაც ქართველი ხალხი რუსეთის, მისი კულტურისა და ისტორიის მიმართ იჩენდა. მაგრამ იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, შევიცნობთ ერთმანეთს და ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა აღდგება. მართალია, დღეს ურთიერთნდობა დარღვეულია, მაგრამ მთლიანად არა.

- ბრძანეთ, ჩიხიდან ორი გამოსავალიაო...

- ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ერთმანეთისკენ და არა პირიქით და აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან.

- უწმინდესო, შეუძლიათ თუ არა ქართულ და რუსულ ეკლესიებს ქვეყნების ურთიერთობაში რაიმე როლი ითამაშონ?

- რასაკვირველია, შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოავლინა, როცა ქართულ ეკლესიას აფხაზეთსა და ცხინვალში იურისდიქცია შეუნარჩუნა. ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩვენს ეკლესიებს კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ხალხების დასაახლოებლად. 25-30 ივლისს უკრაინის სტუმარი ვიქნები. იქ ჩამოდის რუსეთის პატრიარქიც. 26 ივლისს ერთმანეთს შევხვდებით და იმედი მაქვს, ურთიერთთან ძმური გაგებით ვისაუბრებთ.

- საიდუმლო არ არის, რომ აფხაზურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილებაა. რა ღონეს ხმარობთ ამის თავიდან ასაცილებლად?

- განხეთქილება მართლაც არსებობს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამისა. მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი იქ არ არის. ამჟამად წმინდა სინოდმა მე დამავალა ცხუმ-აფხაზეთის მართვა. მიტროპოლიტობის დროს 11 წელი ვიყავი სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტი, ამიტომ კარგად ვიცნობ იქაურ მოსახლეობას, ისტორიას, ადამიანებს.

- და რა დაემართათ ადამიანებს, სამოქალაქო ომმა გაამხეცა?

- ისინი საამისოდ შეამზადეს. თავად აფხაზები ძალიან კეთილი ხალხია. მე იქ რამდენიმე ნათლული მყავს. 11 წელი ყოველგვარი კონფლიქტისა და გაუგებრობების გარეშე ვცხოვრობდით. მერე კი, ამ ყოველდღიურმა ანტიქართულმა პროპაგანდამ თავისი ავი საქმე გააკეთა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ აფხაზები, ოსები, რუსები და სხვები. როცა იქ ვინმე ავად გახდება ან რაიმე დახმარება სჭირდება, სასწრაფოდ თბილისში მოჰყავთ. აფხაზეთიდან ჩემთან ხშირად ჩამოდიან კურთხევის მისაღებად.

- შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანი სუსტია და ომით გამოცდამ ხალხი გაასასტიკა. ამდენი დაღუპული, დევნილი - ეს ისეთი ჭრილობაა, 10-15 წელიწადში ვერ შეხორცდება.

- ეს გამოცდა სამივე მხარეს დაატყდა თავს. იქ დაიღუპნენ ქართველებიც, რუსებიც და აფხაზებიც. როცა ყველაფერი დაწყნარდება, ძეგლი უნდა დაიდგას, რომელზეც ყველა დაღუპულის სახელი დაიწერება: რუსებისაც, ქართველებისაც, აფხაზებისაც და ოსებისაც... ჩვენ უკვე ვფიქრობთ მემორიალზე.

- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერო ხელისუფლებებმა?

- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. არალოგიკური და არაკორექტულია, როცა ამბობენ, ამა თუ იმ კაცს არ შევხვდებიო. საერთაშორისო დიპლომატიაში ასეთი რამ არ არსებობს - ამას შევხვდები, იმას კი არაო. საჭიროა ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრა და იმ გზების დასახვა, რომელიც ურთიერთგაგებასა და დაახლოებასთან მიგვიყვანს. თქვენ კითხულობთ, გამოსავალი რა არისო. ჩემი აზრით, რუსეთმა ქართველებსა და აფხაზებს მოლაპარაკების საშუალება უნდა მისცეს და განაცხადოს, - თუ თქვენ მოილაპარაკებთ, კეთილი, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, უკან წავიღებთ გადაწყვეტილებას აღიარების შესახებო. მაგრამ ყოველდღე იმაზე ლაპარაკი, რომ ქართველები მტრები არიან, კარგს არაფერს მოგვიტანს.

- უწმინდესო, რას ეტყოდით რუსეთის მოსახლეობას, რომელთაგან ზოგი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, ზოგი - რუსული და სხვა ეკლესიების წიაღშია?

- უწინარესად, მინდა მივმართო რუსებს: თქვენ ერთმორწმუნე, კეთილი, ბრძენი ხალხი ხართ, დიდი ისტორია და კულტურა გაქვთ. საქართველო და რუსეთი მართლმადიდებლობამ დააახლოვა. არაბუნებრივია, რომ ჩვენ ერთმანეთს მახვილი მოვუღერეთ. ამიტომ უნდა მოვინანიოთ და შევუნდოთ ერთმანეთს. საქართველოში ახლა ბევრი რუსი ცხოვრობს. საერთაშორისო ომის დროს თბილისში ისინი ჩემთან მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, - საქართველოდან ხომ არ წავიდეთო. მე ვურჩიე, - არ წახვიდეთ, ყველაფერი დაწყნარდება, მოწესრიგდება-მეთქი. რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ისინი იქ კარგად გრძნობენ თავს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დეპორტაცია მოხდა. ესეც შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენ ეს აღარ გვახსოვს...

ვისურვებდი, რომ ჩვენ მეგობრები და ძმები ვიყოთ.

ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ.

"ეხო მოსკვი", რუსეთი