სააკაშვილი პუტინს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი პუტინს ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ დასდო ბრალი, პირადად ხელმძღვანელობს კრემლის ჯაშუშურ ოპერაციებს პრო-დასავლური ქვეყნის წინააღმდეგო, რაც მისივე ოფიციალური ფოტოგრაფი და კიდევ ორი სხვა დააპატიმრეს რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

"უეჭველია, რომ ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე უზარმაზარი ქვეყნისთვის, რომელსაც სუკის აგენტები მართავენ...  ბევრჯერ მინახავს და გამიგია, მათ შორის რფ-ის პრეზიდენტისგან პერსონალურად, როგორ გეგმავს პუტინი ჯაშუშურ ოპერაციებს, და როგორ იცის ოპერატიული მუშაკების სახელებიც კი. ის უდიდეს კმაყოფილებას იღებს ამ ოპერაციების დაგეგმვით", - უთხრა მან რადიო "ეხო მასკვის" მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს.“

სააკაშვილი, რომლის ქვეყანაც რუსეთთან ხანმოკლე ომში დამარცხდა, აცხადებს, რომ პუტინმა, სუკის ყოფილმა აგენტმა აღმოსავლეთ გერმანიაში, ერთხელ დაურეკა და დამცინავად, დაწვრილებით გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რათა ეჩვენებინა, თუ რა წარმატებით შეაღწიეს მის ქვეყანაში რუსმა ჯაშუშებმა.

"რუსეთს სულითა და გულით უნდა ჩვენი მთავრობის დამხობა, - განაცხადა სააკაშვილმა, -„ეს არ არის პარანოია. ჯაშუშობა დღესაც გრძელდება." მისი ბრალდებები დაემთხვა მომენტს, როდესაც ქართველმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სამი ფოტოგრაფი, მათ შორის სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რუსულ სადაზვერვო სამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას ნაღდი ფულის საფასურად გადასცემდა.

"ინფორმაცია შეიცავდა სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლის გეგმას და ასევე კონფიდენციალურ ინფორმაციას მისი დღის წესრიგისა და შეხვედრების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. გედენიძემ ნაწილობრივ უკვე აღიარა ბრალი საქართველოს ტელევიზიით და განაცხადა, რომ მას აშანტაჟებდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სკანდალს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, მას სააკაშვილის "მანიაკური შეტევის" შედეგი უწოდა. რუსეთის სახელმწიფო მედიამ ივარაუდა, რომ ეს ანტირუსული ფაბრიკაციაა. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დაძაბულია იმის გამო, რომ რუსეთის ჯარს დაკავებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ხოლო კრემლს აშფოთებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების სურვილი.

"ტელეგრაფი", დიდი ბრიტანეთი