დემოკრატიის სტაგნაცია საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობას ემუქრება - კვირის პალიტრა

დემოკრატიის სტაგნაცია საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობას ემუქრება

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დღიდან საქართველო გულმოდგინედ ცდილობდა განვითარებადი ბაზრის და ინვესტორის საოცნებო ადგილის, ასევე სამხრეთ კავკასიაში დასავლური კულტურის ერთადერთი ბასტიონის იმიჯის შექმნას. მაგრამ ქვეყანა ნდობას კარგავს, რადგან ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით აქ არანაირი პოლიტიკური პროგრესი არ არსებობს. საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეჩერდა. მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ხელისუფლების ლეგიტიმურობას ავნოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან.

როდესაც ქართველი ოპოზიციონერი და სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე მაისში თავის მხარდამჭერებთან ერთად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, დემონსტრანტთა რიტორიკა სავსე იყო იმგვარი გამონათქვამებით, როგორსაც არაბულ სამყაროში საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა და რამდენიმე ავტორიტარული მთავრობის დამხობა მოჰყვა.

მაისის პროტესტი რევოლუციაში არ გადაზრდილა. ის შთამბეჭდავი იყო არა მასშტაბით, არამედ დრამატულობით. 26 მაისს მომიტინგეთა შეუპოვარმა ჯგუფმა უარი თქვა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე მას შემდეგაც, რაც მიტინგის ლეგიტიმური ვადა ამოიწურა, რაც პოლიციის მიერ აქციის დარბევით, ათობით ადამიანის დაშავებით და ორი კაცის დაღუპვით დასრულდა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო წარმომადგენლებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს პოლიციის ქმედება, როგორც არაპროპორციული, საქართველოს მთავრობა აქციის მონაწილეებს ებრძოდა და მათ კრემლის მოგზავნილ "მეხუთე კოლონას" ეძახდა.

ბურჯანაძის აშკარად პრორუსული პოზიციის, ასევე ოპორტუნისტული პოლიტიკური კარიერის გამო შეიძლება ივარაუდო, რომ მთავრობის ბრალდებები სულ უსაფუძვლოც არ არის, თუმცა მთავრობის მიერ ოპონენტების საქმიანობის შეზღუდვა აძლიერებს იმ განცდას, რომ საქართველოს მმართველი ელიტა ნამდვილი დემოკრატიული სისტემის აშენებას არ აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში თავისუფლებების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, პოლიტიკური თავისუფლებისა იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე შევარდნაძის კლეპტოკრატიული რეჟიმის პირობებში იყო. მუდმივი ორნიშნა ინფლაცია, უმუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებელი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობა ამცირებს რეალური ეკონომიკური ზრდის შანსებს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დაპირება იყო. თუმცა ერთი პარტიის საყოველთაო მმართველობის, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ძლიერი შეზღუდვისა და ხელისუფლებაში კორუფციის არსებობასთან დაკავშირებული მუდმივი კითხვების მიუხედავად, საეჭვოა, უახლოეს მომავალში საქართველოში ეგვიპტური სცენარი განმეორდეს, მაგრამ თბილისის ავტორიტარულმა ქმედებებმა შეიძლება დასავლეთთან მის ურთიერთობებს ავნოს.

"სტრატეგიის თვალსაზრისით, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა კვლავ აშშ-ის დღის წესრიგშია, - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის პროფესორი და საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ლინკოლნ მიტჩელი, - და სწორედ ამიტომ არ გამოდის არაფერი, რადგან საქართველო - სხვა შემთხვევაა".

მიტჩელი დარწმუნებულია, რომ 2000-ის შუა წლებიდან საქართველოს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს დემოკრატიისკენ. Fრეედომ Hოუსე-ის რეიტინგებს თუ დავუჯერებთ, მისი ნათქვამი საგულისხმოა. ამასთანავე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დასავლელი ლიდერების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველო ავტორიტარიზმში ეშვება, შეიძლება განმტკიცდეს. აშშ-ისთვის, რომელმაც საქართველოს განსავითარებლად უამრავი რესურსი და დიპლომატიური კაპიტალი გაიღო, ნახევრად ავტორიტარული, თუნდაც ნაწილობრივ ლიბერალური ქართული სახელმწიფო მიუღებელია.

თუკი ხელშესახები ცვლილებები არ მოხდა, საქართველოს პოლიტიკური სტაგნაცია ქვეყნის პრივილეგირებულ პოზიციას საჭოჭმანოს გახდის, მით უფრო ახლა, როდესაც ვაშინგტონში კანონმდებლების ახალი თაობა მოდის და აშშ ავღანეთს ტოვებს, - მიაჩნია მიტჩელს. მართალია, აშშ თბილისს ბედის ანაბარა არ დატოვებს, მაგრამ ურთიერთობა შეიცვლება. "საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აღარ იქნება", -– ამბობს მიტჩელი.

თუკი თბილისს არ ეყოფა იმის პოლიტიკური ნება, რომ მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი პოლიტიკური რეფორმები გაატაროს, შეძლებს კი დასავლეთი დემოკრატიის დასანერგად უფრო წარმატებულ ქმედებას? საქართველოს ნატოში წევრობა დღეს აღარ განიხილება, თუმცა ოდესღაც ეს ვარიანტიც არსებობდა. ევროპელი წევრების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ევროკავშირში გაწევრება ასევე ნაკლებსავარაუდოა. პარტნიორული შეთანხმება კი ევროკავშირთან, რაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომს გახდიდა თავისუფალ სავაჭრო ზონას, თბილისში არ იწვევს ისეთსავე ენთუზიაზმს, როგორსაც ნატოს ან ევროკავშირის წევრობა.

თუმცა დასავლეთს მნიშვნელოვანი გავლენის ბერკეტები აქვს თანამშრომლობასთან დაკავშირებული უამრავი პროგრამის სახით. ცხადია, რომ არც აშშ და არც ევროპა საქართველოს ბოლომდე არ მიატოვებს. ქართული ეკონომიკის მდგომარეობა და ვალების გადახდასთან დაკავშირებული გარდაუვალი ვალდებულებები უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთს მანევრებისთვის ერთგვარ სივრცეს უტოვებს.

ასეა თუ ისე, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თუკი სერიოზული ცვლილებები არ მოხდა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში რაიმე წინსვლა საეჭვოა. მაგრამ თუკი ვაშინგტონი და ევროკავშირი მართლაც არიან დაინტერესებულნი საქართველოში რეფორმების განახლებით, ისინი უნდა შეეცადონ საკუთარი გავლენის გავრცელებას მანამ, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება ზემოქმედების სხვა, უფრო ძლიერი ევროატლანტიკური გზები.

"უორდ პოლიტიკს რევიუ", აშშ