ილია მეორე: "ნუ დაამცირებთ ეკლესიას!" - კვირის პალიტრა

ილია მეორე: "ნუ დაამცირებთ ეკლესიას!"

მართლმადიდებელთა მასშტაბურმა პროტესტმა საქართველოს ხელისუფლება აიძულა გადაეხვია ევროპული გზიდან

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის მრევლი საქართველოს 4,5 მლნ მცხოვრებთაგან 3,5 მლნ-ია, ტრადიციულად, ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2002 წელს ოფიციალურად მოეწერა ხელი კონკორდატს სახელმწიფოსთან, რაც სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობას უსვამს ხაზს.

2004 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილი კარგა ხანს მკაფიოდ გამოხატავდა პატივისცემას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი პატრიარქისადმი, მაგრამ როგორც კავკასიის ანალიტიკური ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მინასიანი აღნიშნავს, დაპირისპირება საქართველოს ორ გავლენიან პოლიტიკურ ძალას - მართლმადიდებელ ეკლესიასა და სააკაშვილის მმართველ პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის, თითქმის ათი წელია, არსებობს, მაგრამ მხოლოდ ახლა გამომჟღავნდა მწვავე ფორმით. ამის მიზეზი კი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ჩასწორებაა სამოქალაქო კოდექსში რელიგიური უმცირესობისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. კანონის პირველ ვარიანტში კონკრეტულად იყო მითითებული სომხური სამოციქულო ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, მუსლიმანური და იეღოველთა საზოგადოებანი, მაგრამ დოკუმენტის ბოლო ვარიანტში გაჩნდა საერთო ფორმულირება: "საქართველოსთან ისტორიული კავშირების მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ამ სტატუსით სარგებლობენ ევროსაბჭოს ქვეყნებში".

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა: "ჩვენ ამ შესწორებების მიღებით გავრისკეთ: თუ გვინდა გავხდეთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი - ეს შესწორებები უნდა მიგვეღო". კანონპროექტი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაცრად გააკრიტიკა. 5 ივლისს გამოქვეყნდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის განცხადება, სადაც ის საყვედურობდა პარლამენტის დეპუტატებს ეკლესიის კონსულტაციის გარეშე კანონის მიღების გამო. ეკლესიის მხარდასაჭერად ქალაქის ცენტრში ათიათასობით კაცი გამოვიდა. "ისტორიულად, ეკლესია მუდამ იცავდა საქართველოს, ეკლესია იყო და არის უდიდესი ძლიერი ძალა... ვინც ეკლესიას დაამცირებს, აუცილებლად დაისჯება", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს აშფოთებს ის, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ სომხური ეკლესია პრეტენზიებს წამოაყენებს საქართველოში არსებულ სომხურ ტაძრებზე (რომლებსაც, სხვადასხვა მონაცემით, 1917 წლამდე 457-დან 600-მდე ითვლიდნენ) და რევოლუციამდე მათ გამგებლობაში არსებულ მიწებზე, ანუ დე ფაქტო საქართველოს ტერიტორიაზე.

11 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის დახურულ სხდომას მმართველი პარტიის წევრებიც დაესწრნენ. თავის გადაწყვეტილებაში სინოდმა "მოუწოდა სასულიერო პირებსა და მრევლს სიმშვიდისაკენ და საამისო მიზეზიც რომ იყოს, თვითნებური ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ", ხელისუფლებას კი ურჩია ეკლესიისადმი პატივისცემა და ურთიერთშეთანხმება.

12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა შესწორებები უკვე მიღებულ კანონში, რომელიც, დეპუტატ დარჩიაშვილის განმარტებით, "სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო რამენაირ პასუხისმგებლობას იღებს ამ ორგანიზაციების წინაშე, მით უმეტეს, მართლმადიდებელი ეკლესიის ხარჯზე".

იმავე დღეს კი პრეზიდენტის პრესმდივანმა, სააკაშვილის სახელით განცხადება გააკეთა: "ჩვენ ვაფასებთ იმ მტკიცე ურთიერთობებს, რომელიც ტრადიციულად არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის... ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გადადგამს საწინააღმდეგო ნაბიჯს, რომელიც ამ ურთიერთობას ავნებს".

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი