საქართველოს არჩევანი: სინგაპური თუ ბრიუსელი? - კვირის პალიტრა

საქართველოს არჩევანი: სინგაპური თუ ბრიუსელი?

2005-ში ტრიუმფალისტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს "დემოკრატიის შუქურა" უწოდა. დღეს ეს შეფასება გაზვიადებულად გვეჩვენება, თუმცა ქვეყანას ახლაც ხშირად აქებენ. ქვეყანაში მოხდა -მენტალური რევოლუცია-, საქართველომ ყველაზე მარჯვედ შეძლო საბჭოთა მემკვიდრეობის უკუგდება, ქართულმა პოლიტიკამ ტრანსფორმაცია განიცადა და ქუჩიდან საარჩევნო ყუთებთან გადაინაცვლა.

იმავე პერიოდში ჟამესტოწნ Foundation-ის ვაშინგტონელმა ანალიტიკოსმა ვლადიმირ სოკორმა აღნიშნა, - ბოლო წლებში ქვეყანა ისე შეიცვალა, მისი ცნობა თითქმის შეუძლებელიაო.“ზოგიერთი უცხოელი ლიდერი ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს ამას, რაც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მიხეილ სააკაშვილის ბრალია. ამას წინათ Europian Voice-ში "ეკონომისტ-ის" კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წერდა, რომ სააკაშვილმა იმედი გაუცრუა პოლონელებს, აღაშფოთა გერმანელები და სიმპათია გაუქარწყლა ბევრ, ერთ დროს მის მომხრე ქვეყანას.

მაგრამ ამას არ უნდა მოჰყვეს საქართველოს მიღწევების უგულებელყოფა.

თუ გინდათ ნახოთ თავისუფალი ბაზრის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და მრავალპარტიულობის წარმატებული შედეგი, საქართველოს შემდეგ სამხრეთ კორეას შეგიძლიათ ეწვიოთო. მართლაც ბევრი რამაა აღმაფრთოვანებელი. ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის Freedom House-ის უკანასკნელ რაპორტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებთან შედარებით, შარშან საქართველოში დემოკრატიული მმართველობის, ელექტორალური პროცესისა და კორუფციის რეიტინგები გაუმჯობესდა. მაგრამ განა ეს საკმარისია? კიდევ ერთი ბოლოდროინდელი რაპორტი, რომელიც კარნეგის ცენტრის კავკასიის სპეციალისტმა თომას დე ვაალმა მოამზადა, უფრო ხისტ პოზიციას გამოხატავს. მიუხედავად არაერთი მიღწევისა, საქართველო ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ზოგიერთმა რეფორმამ უმკურნალა ერთ რომელიმე პრობლემას, მაგრამ შექმნა სხვა;  მაგალითად, კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ ის შედეგი გამოიღო, რომ სისხლის სამართლის პროცესები თითქმის არასდროს მთავრდება გამამართლებელი განაჩენით. ციხეები სავსეა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო  ყოვლისშემძლეა. კონტროლისა და ბალანსის სერიოზული სისტემის არარსებობის პირობებში მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად იყენებს.

ყველაზე მძიმე პრობლემა ქვეყნის ეკონომიკური მოდელისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი დონე, მუდმივი უმუშევრობა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. სააკაშვილი ხშირად მოუხმობს სინგაპურს, დუბაისა და შვეიცარიას, როგორც შთაგონების წყაროს. მისი რიტორიკა ერთ რამეს გამოკვეთს, ეს მართლაც არჩევანია სინგაპურის დერეგულირებულ ეკონომიკასა და ევროსტანდარტებთან დაახლოებას შორის. ჯერჯერობით, მთავრობამ ყველა მძიმე გადაწყვეტილებას თავი აარიდა და იოგი ბერას ცნობილი რჩევის გაზიარება არჩია: "როცა გზაჯვარედინზე მიხვალ, ყველა მიმართულებით იარე".

დე ვაალის აზრით, უკეთესი არჩევანი ევროპაზე სწორებაა. ეს მოიტანს ინსტიტუციურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, მის ბაზარს უფრო ხელმისაწვდომს გახდის და უცხოელ ინვესტორებს მეტ ნდობას გაუჩენს. შესაძლოა, ესტონეთი საქართველოსთვის საუკეთესო მაგალითია, ის ევროკავშირის წევრია, მაგრამ ინარჩუნებს კონკურენტულ და ბიზნესისთვის ხელშემწყობ გარემოს. მაგრამ ესტონეთის მაგალითი, რომელმაც ევროკავშირში გაწევრებისას საშინაო კანონმდებლობაში 75000 რეგულატორი შეიტანა, ერთგულებისა და მოთმინების მნიშვნელოვნებაზე მიგვითითებს. საქართველოში ასეთი ზომების შემოღება გამოწვევას შეუქმნიდა მმართველი ელიტის ძალაუფლებას და ეკონომიკურ ლიბერტარიანელობას, რომლის მომხრეცაა ეს ელიტა.

ძლიერი შიდა ოპოზიციის არარსებობის პირობებში უცხოელ ლიდერებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ. მათ უნდა დაარწმუნონ საქართველო, რომ აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა ლიდერებმა არ შეწყვიტონ ამ პროცესებში მონაწილეობა. მათ მეტი უნდა გააკეთონ საქართველოს მიღწევათა მხარდასაჭერად, მაგრამ საქართველომ ასევე მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაამტკიცოს, ის იმსახურებს ამ მხარდაჭერას.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი