რა ადარდებს "ნეზავისიმაია გაზეტას"? - კვირის პალიტრა

რა ადარდებს "ნეზავისიმაია გაზეტას"?

"მართლმადიდებელთა მასშტაბურმა პროტესტმა აიძულა საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან გადაეხვია",“- ასე მისტირის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას რუსული "ნეზავისიმაია გაზეტა"“ა.წ. 20 ივლისს გამოქვეყნებულ ვლადისლავ მალცევის სტატიაში.

ავტორი ვერ ან არ აცნობიერებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეშფოთების მოტივაციას, გამომდინარეს, ძირითადად, ჩვენი პარლამენტის მიერ ა. წ. 5 ივლისს განსაკუთრებული უტიფრობით მიღებული კანონის წინმსწრები და თანამდევი მიზეზებიდან  და არა რაიმე განსხვავებული აღმსარებლობისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების მიუღებლობიდან. ავტორი ახსენებს 11 ივლისს მიღებულ წმინდა სინოდის დოკუმენტს, მაგრამ კრინტს არ ძრავს მის პირველსავე სტრიქონებში გამოთქმულ სხვა აღიარებულ რელიგიურ სარწმუნოებათა შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო საფუძვლების მხარდაჭერაზე, რითაც სწორედ ევროპული ღირებულებების პატივისცემა გამოიხატა. საეჭვო კომპლიმენტია“ ქართველ მართლმადიდებელთათვის სტატიაში მოყვანილი ციტატაც, რომლის ავტორი, კავკასიის ანალიტიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" აიგივებს ჩვენს ეკლესიას  და ორივეს„უდიდესი გავლენის მქონე პოლიტიკურ ძალად“ მოიხსენიებს.

ვინ აუხსნის ამ ექსპერტ-კავკასიოლოგს, რომ  პოლიტიკურ ველში ეკლესიის შეტყუება ქართული ხელისუფლების მიუღწეველ მიზნად რჩება? ან ვინ გააცნობს მას ნებისმიერ ნდობის რეიტინგს, რომელშიც ქართველი ხალხის შეფასებებით მუდმივად უკონკურენტოდ ლიდერობს  მართლმადიდებელი ეკლესია?

არ გამოვრიცხავ, რომ სტატიის ავტორის მცდელობა, კვლავ დააპირისპიროს ქართული ხელისუფლება და ეკლესია, სწორედ მათ შორის მიღწეული გონივრული კონსენსუსით გამოწვეული გაღიზიანების შედეგია. ამავე დროს, სტატიის სულისკვეთება აღიქმება როგორც იმ ძალთა წისქვილზე წყლის დასხმის სურვილი, რომელთათვის საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა 26 ივლისის პირადი შეხვედრა მხოლოდ დამატებითი გამღიზიანებელია ქართულ-რუსულ ურთიერთობაში.

ამიტომაც აღარც იმას აღვიქვამ შემთხვევითობად, რომ სტატიაში გამოყენებულია სწორედ ის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი არიან ავლაბრის რეზიდენციის ეზოში პირმცინარენი საქართველოს პრეზიდენტი და სომხეთის კათალიკოსი. მათგან მოშორებით მდგომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კი სახეზე კმაყოფილების კვალი არ ემჩნევა.

ჩვენს ევროპულ ბედზე დაფიქრებულ ვაიმოყვარეთ  კი დაბეჯითებით შემიძლია განვუმარტო, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ ეჩმიაძინზე არ გადის.

სოსო ცისკარიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი