პატრიარქთა შეხვედრა - კვირის პალიტრა

პატრიარქთა შეხვედრა

"კომერსანტი", რუსეთი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კიევში შეხვედრისას ერთობ მტკივნეული თემა - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მდგომარეობა განიხილეს.

"პატრიარქების შეხვედრა სათუთი ეკლესიათაშორისი პოლიტიკაა, - მიაჩნია რელიგიისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორ რომან ლუნკინს, - რუსეთის ეკლესიის მეთაურს საქართველოს პატრიარქთან ერთად უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფრიად საჩოთირო საკითხი, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. კრემლისაგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ცნო ორი რესპუბლიკის ადგილობრივი ეკლესიების დამოუკიდებლობა, რადგან ეს თავად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაურღვევდა სიმშვიდეს", - დარწმუნებულია ლუნკინი.

"რუსეთის ეკლესიისთვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი მოკავშირეა უკრაინაში განხეთქილების შემტანთა წინააღმდეგ - თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიებს აღიარებს, მაშინ საქართველომ, შესაძლოა, აღიაროს კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს კი მართლმადიდებელ სამყაროში კატასტროფას გამოიწვევს", - ამტკიცებს ლუნკინი.

"დღეისათვის არც ერთ ეკლესიასთან არ გვაქვს ისეთი ინტენსიური ურთიერთობა, როგორიც საქართველოს საპატრიარქოსთან, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა, - სწორიცაა: ამჟამად რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა მარტივი არ არის. როცა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სუსტდება, საჭიროა განმტკიცდეს კავშირი ერთმორწმუნე ხალხთა ეკლესიებს შორის".

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ზაფხულში კავკასიაში სიტუაციის გამწვავების პერიოდში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეკლესიების წარმომადგენლებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლა და თვითმმართველობის უფლებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლა ისურვეს. მაგრამ რუსეთის ეკლესიამ მათი სურვილი არად ჩააგდო და განაცხადა, - კანონიკური ტერიტორიული საზღვრები ხელშეუხებელიაო.

კიევში რუსეთის პატრიარქმა ბრძანა: "აშკარაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ვრცელდება, მაგრამ ამჟამად ორივე მხარეს რაღაც კანონიკური უწესრიგობაც სუფევს".

თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსკოვის იმედი მაინც აქვთ: "მოსკოვის საპატრიარქოს დახმარებით, ჩვენ მაინც მივაღწევთ საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობის უფლებას. ქართულმა ეკლესიამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს", - თქვა აფხაზეთის აუღიარებელი ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აფლიამ. "ამ რესპუბლიკების სასულიერო პირებს სულ ტყუილად აქვთ რუსეთის ეკლესიის მიერ მათი აღიარების იმედი. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ მოსკოვის საპატრიარქომ თავისი მღვდლები გაგზავნოს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კურთხევის მიზნით", - აცხადებს ლუნკინი.