ჰილარი კლინტონი დაინტერესდა... - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი დაინტერესდა...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მონაცემებით, შარშან სექტემბერში, თბილისში, ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება იმ შეთქმულების შედეგია, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ აფეთქებების და აფეთქებების მცდელობათა ბოლოდროინდელი ტალღა, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან, "გრუ"-ს რუსი ოფიცრის ევგენი ბორისოვის ნახელავია. მან საქმის დეტალები გააცნო ვაშინგტონში ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებს.

"საქართველოს მიერ წარმოდგენილი ბრალდებები მეტად სპეციფიკური და დაწვრილებითია, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკ კერკმა, - ამ ინფორმაციის საფუძველზე კონგრესმა უნდა გადაამოწმოს ამერიკის საელჩოსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომლის უკანაც თითქოს რუსები დგანან... თუკი ეს მართალია, მაშინ ის ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე სერიოზულ კრიზისად გადაიქცევა, რასაც ორმხრივ ურთიერთობებში ყველანაირი "გადატვირთვის" შეწყვეტა მოჰყვება".

ჭიკიLეაკს-მა გამოაქვეყნა იმ დროს საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის 2007 წლის ტელეგრამა. მასში გამოთქმულია ვარაუდი რუსეთის კავშირზე ისეთ აფეთქებებთან, როგორებიცაა ავტომობილის აფეთქება საქართველოში 2004 წელს, აფეთქებები საქართველო-რუსეთის მილსადენზე და შვეულმფრენზე თავდასხმა 2007 წელს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბოლო თვეებში ორჯერ დაუსვა კითხვა სერგეი ლავროვს, - მართალია თუ არა ცნობები იმის შესახებ, რომ თბილისში, ამერიკის საელჩოსთან შარშან სექტემბერში მომხდარ აფეთქებებში მოსკოვის ხელი ურევიაო. პირველად, ქალბატონმა კლინტონმა სერგეი ლავროვს მიუნხენში შეხვედრისას ჩამოუგდო სიტყვა. მიუხედავად ამისა, რუსეთის "გრუ"-ს მაიორი ევგენი ბორისოვი კვლავ აფხაზეთში საქმიანობს.

ქ-ნმა კლინტონმა მეორედ ეს საკითხი 13 ივლისს წამოჭრა, იმ დღეს, როცა მან და ლავროვმა ხელი მოაწერეს გაშვილების ახალ ხელშეკრულებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი უარს ამბობს ამ მოლაპარაკებების კომენტირებაზე. "ჩვენ რეგიონის ყველა მხარესთან განვიხილავთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. დეტალებს ვერ გაგიმხელთ". აშშ-ის ნაციონალურმა დაზვერვამ კონგრესს 27 ივლისს ამ აფეთქების ახალი ანალიზი წარუდგინა. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "არ არსებობს ერთიანი აზრი" იმის შესახებ, თუ ვის დაეკისროს პასუხისმგებლობა თბილისში აფეთქების საკითხზე.

საბჭოთა კავშირთან უსაფრთხოების კოსმოსურ საკითხებში ჯორჯ ბუში-უფროსის ადმინისტრაციის მთავარი მომლაპარაკებელი დევიდ სმიტი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები აშკარაა, მათი ნამოქმედარი დასავლეთს საგონებელში აგდებს. რუსებს საქართველოს დესტაბილიზება სურთ. უნდათ, რომ ის გამოიყურებოდეს, როგორც ქაოსში ჩაფლული კანონების არმქონე ქვეყანა".

"ვაშინგტონ ტაიმსი", აშშ