კვლავ ძალმომრეობა?! - კვირის პალიტრა

კვლავ ძალმომრეობა?!

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბა. კოსოვოს სპეცდანიშნულების რაზმი შეეცადა, თავისი კონტროლი დაეწესებინა ბრნიაკის საზღვრისპირა გამშვებ პუნქტებზე, რომელსაც აქამდე ადგილობრივ სერბთა პოლიცია აკონტროლებდა.

საპასუხოდ, სერბებმა გზა გადაკეტეს და სპეცრაზმელებს შეეწინააღმდეგნენ. სროლა გაგრძელდა რამდენიმე საათს, ვიდრე არ მოვიდნენ ნატო-კფოღ-ის ჯარისკაცები, რომლებიც კოსოვოში წესრიგს იცავენ. ორივე მხრიდან დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი, ერთი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ წელიწადში კოსოვოში ასეთი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. ის კოსოვოელ სამართალდამცველებსა და ადგილობრივ სერბებს შორის ახალ შეიარაღებულ კონფლიქტად შეიძლებოდა გადაქცეულიყო და ჩაეშალა ახლახან დაწყებული მოლაპარაკებები პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაზე.

კოსოვოს ხელმძღვანელობის მოქმედება გაკიცხა ევროკავშირმა. "ამ საქციელს არ ვიწონებთ", - განაცხადა კოსოვოში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა ფერნანდო ჯენტილინმა. მისი ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ კოსოვოს ხელმძღვანელობამ ესოდენ სარისკო ნაბიჯი ევროკავშირთან შეუთანხმებლად გადადგა, რაც ადრე არასდროს მომხდარა. კოსოვოს სპეცრაზმელთა აქცია მოსკოვმაც გაკიცხა.

ამ პროვოკაციულ საქციელს დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია, - მიაჩნიათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. კოსოვოს ხელმძღვანელობის მოტივს პრემიერი ჰაშიდ ტაჩი ამგვარად ხსნის: "ჩვენ ვეღარ ავიტანთ კოსოვოს სუვერენიტეტის ანგარიშგაუწევლობას, ჩვენ ავკრძალეთ რესპუბლიკაში სერბეთის საქონლის შემოტანა. ეს არის პასუხი სერბეთის მიერ კოსოვოს საქონლის შეტანის აკრძალვაზე". სპეცდანიშნულების რაზმის აქცია იყო იმის დემონსტრირება, რომ პრიშტინას ხელისუფლება ვრცელდება კოსოვოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც სერბეთის კანონებით ცხოვრობს.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი