კლიმატმა რუსეთი და დასავლეთი შეაჯახა - კვირის პალიტრა

კლიმატმა რუსეთი და დასავლეთი შეაჯახა

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წარმომადგენელმა აჰიმ შტაინერმა განაცხადა, რომ კლიმატის შეცვლა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს, მის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს.

მისი ვარაუდით, კლიმატური ცვლილებების გამო ბუნებრივი კატაკლიზმების მასშტაბი გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება, რაც უკვე მომავალ ათწლეულში სერიოზულ გამოწვევად იქცევა. შტაინერმა ჩამოთვალა ბოლოდროინდელი სერიოზული კრიზისული სიტუაციები, მაგ. სომალი, რომლის ორ რეგიონში, გაეროს დეკლარაციის თანახმად, საშინელი გვალვის გამო შიმშილობა დაფიქსირდა. მისი აზრით, კლიმატის ცვლილება იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე, ან იწვევს ადამიანთა უმართავ მიგრაციას.

ამ საშიშროების ფონზე გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ოთხი წლის მანძილზე პირველად განიხილა გარემოს დაცვის პრობლემები, დისკუსიების დროს რუსეთი შეეცადა, დაებლოკა დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებული განცხადება, სადაც, შტაინერის დასკვნების შესაბამისად, უსაფრთხოების საბჭოს ისტორიაში პირველად იქნებოდა დეკლარირებული, თუ რა მჭიდრო კავშირი აქვს კლიმატის ცვლილებას მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან.

ბოლოს, ბერლინის ზეწოლით, მოსკოვი დათანხმდა ფორმულირების შერბილებულ ფორმას, სადაც გამოთქმულია "შეშფოთება იმის გამო, რომ შესაძლო არასასურველმა კლიმატურმა ცვლილებებმა მომავალში გაამძაფროს ის საშიშროებები, რომელიც პლანეტის უსაფრთხოებას ემუქრება".

ასევე, განცხადებაში შეტანილია თხოვნა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნისადმი, რომ მან თავის რეგულარულ მოხსენებებში ჩართოს ინფორმაციები კლიმატის ცვალებადობით გამოწვეული შედეგების შესახებ.

ექსპერტების აზრით, რადგან უსაფრთხოების საბჭო ამ პრობლემით დაინტერესდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც მომავალში დატოვებს უყურადღებოდ.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი