საქართველოს ომი ევროპისთვის გაკვეთილია - კვირის პალიტრა

საქართველოს ომი ევროპისთვის გაკვეთილია

ერთი წლის წინ, საფრანგეთის ხელმძღვანელობით, ევროპის კავშირმა ხელი შეუწყო იმ ომის დასრულებას, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 138 000 ქართველი ლტოლვილად აქცია (დაახლოებით 100 000 ათასი ადამიანი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს. - რედ.). არ უნდა დავივიწყოთ 1992 წლის ომის დროინდელი 220 000 დევნილიც. პირველად, თავის ისტორიაში, ევროკავშირმა შექმნა 2008 წლის ზაფხულის მოვლენებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისია. ასევე, კომისიის მიზანი იყო, დაედგინა, რა უნდა გაკეთდეს ამგვარი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ბოლოს და ბოლოს, კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ევროპისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სამუშაო სასამართლოს მუშაობას ჰგავს. ერთადერთი დამნაშავის გამოყოფა შეუძლებელია: 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები იმალება ადრე მომხდარ კატასტროფულ მოვლენებში. ამ ჯაჭვში ბოლო რგოლი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარების მიერ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალისთვის ცეცხლის გახსნა იყო, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა. სიტუაციის გამწვავების მეორე ფაქტორი გახლდათ ის, რომ 15 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "გაყინული კონფლიქტების" საქმეში პროგრესი არ არსებობდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთი სისტემატურად ურიგებდა თავის პასპორტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და აცხადებდა, - პასუხისმგებელი ვარ ამ ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში" მცხოვრებთა ბედ-იღბალზეო. ამას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, რაც სულ უფრო და უფრო ემუქრებოდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ხნის მანძილზე საქართველო ცდილობდა, ნატოში შესვლის პროცესის დაჩქარებასა და აშშ-ის, ისრაელისა და უკრაინის დახმარებით თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-დან 8%-მდე გაიზარდა. ასევე ხდებოდა სამხედრო ბაზების მოდერნიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან. არმიის გაძლიერება აშკარად შეუთავსებელი იყო იმ სამშვიდობო მოწოდებებთან, რომლებიც მსოფლიოს დედაქალაქებიდან მოდიოდა. მეტიც, 2007 წელს და 2008 წლის დასაწყისში ხელმოწერილი ხელშეკრულებები, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სულ უფრო მყიფე ხდებოდა, რუსი სამხედროები კი არ ერიდებოდნენ აფხაზეთის ცაში უპილოტო თვითმფრინავების ჩამოყრას. გახშირდა ორივე მხრიდან ორგანიზებული საზღვრისპირა ინციდენტებიც.

საქართველოში გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მისიების ყოფნის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებრიობა, კერძოდ კი უსაფრთხოების საბჭო, თვალს ხუჭავდა ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მან არა მარტო კონფლიქტის მოგვარების მცდელობაზე თქვა უარი, არაფერი იღონა ისედაც რღვევის პირას მისული ზავის მდგომარეობის გადასარჩენად. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი ომის დასაწყებად.

იმხანად პრევენციული დიპლომატია პრიორიტეტულად ითვლებოდა, ამიტომ 2008 წლის კონფლიქტის განჭვრეტაც იყო შესაძლებელი და თავიდან აცილებაც. დღეს კი არავინ იცის, რა იღონოს: საქართველო ნაწილებადაა დაყოფილი. სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ ერთი მუჭა ქვეყნები აღიარებენ მაშინ, როცა 35 000 კაცზე მეტი ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს და არავინ იცის, რა ელით. მაინც როგორ შეიძლებოდა ასეთი კატასტროფის თავიდან აცილება?

ამ საქმეში უფრო ენერგიულად უნდა ჩაერთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგრამ საამისოდ ყველა მთავარ მოთამაშეს უნდა გამოეთქვა სურვილი, რასაც ევროკავშირი "ეფექტიან მრავალმხრივ თანამშრომლობას" უწოდებს.

თუმცა საქართველოს შემთხვევაში უცხო ზესახელმწიფოთა მონაწილეობა მხოლოდ სიტუაციას გაამწვავებდა. არავინ ცდილობდა მხარეთა შეშფოთების მიზეზის გარკვევას. თითქოსდა შეუთავსებადი პოზიციებისთვის ჯიუტ მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შეეძლო. მთავარ პრინციპად იქცა გადაწყვეტილებების ცალმხრივად მიღება და სრული გულგრილობა იმის მიმართ, რა შედეგს მოუტანს ეს მეორე მხარეს. საერთაშორისო თანამეგობრობას მეტის გაკეთება შეუძლია და ამისთვის ბორბლის თავიდან გამოგონება არ არის საჭირო. საკმარისია დავუბრუნდეთ 1975 წელს ჰელსინკიში მიღებულ გაეროს წესდების პუნქტებსა და პრინციპებს. კეთილმეზობლური ურთიერთობები შეუძლებელია ძალის გამოყენების (რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც, მათ შორის, 2008 წლის ომშიც მოხდა) და დიდი სახელმწიფოს მიერ პატარა მეზობლის დაშინების აკრძალვის გარეშე. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული და დღემდე გადაუდებელი ბევრი პრობლემა კეთილსინდისიერ და ღია განხილვას მოითხოვს. მაშინ, როცა ევროპა მთელ მსოფლიოში ცდილობს მშვიდობისა და სამართლის სივრცის გაფართოებას და ლისაბონის ხელშეკრულების თაობაზე რეფერენდუმს ატარებს ირლანდიაში, ჩვენი მოხსენება აჩვენებს, რომ კონტინენტის პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აგრესიული და ეგოისტური ძალები. სტაბილური ევროპული წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობასა და თანამშრომლობისკენ გულწრფელ სწრაფვას.