ევროპული ინსტიტუტების კრახი - კვირის პალიტრა

ევროპული ინსტიტუტების კრახი

ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივნის, ტურბიერნ იაგლანდის ინტერვიუს ამონარიდი:

- საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ევროსაბჭო არის ბიუროკრატიული უხერხემლო ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ წევრებს ვერ ასრულებინებს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, ვერ იცავს ადამიანის უფლებებს.

- კი, მაგრამ გვაქვს კი ალტერნატივა?  რა მოხდება ევროსაბჭოს გარეშე? მაგალითად, ევროსაბჭო ერთადერთი ევროპული ორგანიზაციაა, რომელშიც ფორმალურად არის გაერთიანებული რუსეთი. ის ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრია. ეს უდიდესი უპირატესობაა. ცხადია, ვხედავ ევროსაბჭოს პრობლემებს. მაგალითად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. მაგრამ ჯობს მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და ვიპოვოთ გამოსავალი, ვიდრე ერთმანეთი გავრიცხოთ.

- რა პრიორიტეტებს ისახავთ?

- ჩემი მთავარი ამოცანაა, ის გარდავქმნა უფრო ეფექტიან, თანამედროვე, მოქნილ ორგანიზაციად, რომელსაც შეეძლება ახალ რეალიებთან ადაპტირება. ჩვენ უფრო მარჯვედ უნდა გადავჭრათ გაყინული კონფლიქტები კავკასიაში, მათ შორის რუსეთ-საქართველოშიც.

- საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციამ რფ-ის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა. როგორია თქვენი პოზიცია?

- ძალიან რთული შეკითხვაა. ჩვენ მოვალენი ვართ, ვეძებოთ გამოსავალი. რა თქმა უნდა, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, მაგრამ ჯობს, ადამიანები კი არ გავრიცხოთ, არამედ ჩავრთოთ პროცესში. როცა ერთმანეთის გაყრაზე ფიქრს ვიწყებთ, ვკარგავთ პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

- როგორ დაარწმუნებთ რუსეთს, შეასრულოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები?

- რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა გავმართოთ დიალოგი მათი თვალსაზრისის უკეთ გასაგებად.