ყველა დამნაშავეა! - კვირის პალიტრა

ყველა დამნაშავეა!

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ყველას მიუძღვის ბრალი, - ასკვნის ევროკომისია.

საქართველო დამნაშავეა იმიტომ, რომ იქაური ბობოქარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძერასავით დააცხრა თავს სამხრეთ ოსეთს. რუსეთი დამნაშავეა იმის გამო, რომ აშინებდა და აბუჩად იგდებდა სააკაშვილს, შემდეგ ისარგებლა შემთხვევით და თავს დაესხა საქართველოს. აშშ დამნაშავეა, რადგან თავისი დუმილით აქეზებდა სააკაშვილს, ევროპა კი იმიტომ, რომ თითს არ ანძრევდა. სამწუხაროდ, ჩანს, არც რუსებს და არც ქართველებს არა აქვთ შეცდომებზე სწავლის სურვილი. საქართველოს ხელისუფლება, გამოვლენილი ფაქტების მიუხედავად, დაჟინებით ამტკიცებს, სამხრეთ ოსეთში ჯარები იმიტომ გავგზავნეთ, რომ იქ უკვე შეჭრილი იყო რუსის ჯარიო. ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, - ეტყობა, საგამოძიებო კომისიის წევრები ფიქრობენ, საქართველოს მოქალაქეები დაცვის ღირსნი არ იყვნენო.

რუსეთის მთავრობა კატეგორიულად აპროტესტებს იმას, რომ ახალ დოკუმენტში დაგმობილია მისი საქციელი, ასევე უარყოფს კომისიის მიერ გამოვლენილ რუსეთის არმიის მიერ ძალის გადამეტებულად გამოყენების ფაქტს და ევროკავშირს მიკერძოებაში ადანაშაულებს.

სინამდვილეში კი ამ მთავრობებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დოკუმენტის მთავარ გზავნილს - წაგებულია ყველა.

წელიწადზე მეტი გავიდა და 30 000-ზე მეტი კაცი, უმეტესად ქართველი, კვლავ ლტოლვილად რჩება. საქართველო დაქუცმაცებულია. რუსეთის მიერ ორი მოჯანყე პროვინციის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, კარგა ხნით გაურთულებს რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობას. მდგომარეობის გამოსწორების და ახალი შეტაკებების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის ქცევების კორექტირება იქნება. კრემლმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს პროვოცირება და ერთხელ და სამუდამოდ თქვას უარი თავის იმპერიალისტურ ამბიციებზე.

ქართველმა ლიდერებმა კი უნდა გააცნობიერონ, რომ დაკარგული პროვინციების დასაბრუნებლად საჭიროა დემოკრატიულმა და უმცირესობათა პატივისმცემელმა საქართველომ ამ პროვინციებთან დამყარებული სამოკავშირეო ურთიერთობები უფრო მიმზიდველი გახადოს.

აშშ-მა და ევროპულმა კავშირმაც უნდა შეიგნონ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილება მის წარმოქმნამდე უფრო ადვილია, ვიდრე შემდეგ მისი ნამსხვრევების შეკოწიწება.