გეოპოლიტიკური ფანტაზიები - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური ფანტაზიები

ახალგაზრდულ ფორუმ "სელიგერ-2011"-ზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გარკვევით მიანიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩრდილოეთ ოსეთთან - სავსებით შესაძლებელია. ექსპერტთა აზრით, ამით რუსეთმა გამოავლინა იმპერიული ზრახვები და სწრაფვა რეგიონზე კონტროლის გაძლიერებისა. პრემიერმა საერთაშორისო თემაზე გაკეთებული განცხადებებით თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, რადგან საგარეო პოლიტიკა რფ-ში პრეზიდენტის პრეროგატივაა.

პუტინმა განაცხადა: "ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე საზღვარი სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის სხვადასხვანაირად გადიოდა. იყო პერიოდი, როცა არანაირი საზღვარი არ არსებობდა, საზღვარი გაჩნდა ერთიანი სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის საზღვრებში. ასე უფრო ადვილი იყო მართვა. მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით... მაშინ როდესაც საქართველოს ახლანდელმა ხელმძღვანელობამ პროვოკაციული დანაშაულებრივი სამხედრო აქცია ჩაატარა, რუსეთი სამხრეთ ოსეთს ამოუდგა მხარში. მომავალი კი თავად ოსი ხალხის ხელშია."

პუტინის განცხადებას გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი: "ხალხი ისტორიულად არის ორიენტირებული რუსეთზე და არასოდეს დაივიწყებს იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი აღიარა". თუმცა, დაურთო, - სამხრეთ ოსეთი რუსეთ-ბელორუსიის სახელმწიფოებრივ კავშირში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ბელორუსია აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობასო. მას კვერი დაუკრა რფ-ში სამხრეთ ოსეთის ელჩმა დმიტრი მედოევმა: - "რეგიონის თითქმის მთელ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობა ისედაც აქვს მიღებული, რფ-ის შემადგენლობაში შესვლამ კი შესაძლოა რესპუბლიკის მდგომარეობა გაართულოსო. დიპლომატი იხსენებს ამერიკელი კონგრესმენების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, რომლებიც რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში სდებენ ბრალს: "და დღეს, განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ რფ-ში შესვლა გვინდა, მათი ბრალდების დამადასტურებელი იქნება. ამას არ დავუშვებთ. მადლობელი ვართ რუსეთის, მაგრამ თავისუფლება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია".

კიდევ უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა იური ძოტოითიმ: "რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ჩვენ ბევრ რამეს ვკარგავთ: არმიას, პარლამენტს, უმაღლეს სასამართლოს, პრეზიდენტს, გადავიქცევით რაიონად, ვკარგავთ სამუშაო ადგილებს. აშკარაა, რომ ერთ სახელმწიფოში ოსეთის ორი რესპუბლიკის არსებობა შეუძლებელია".

რამდენად სერიოზულია რუსეთის ზრახვები?

ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს ქართველ გეოდეზისტებს მოსკოვმა დაავალა სამხრეთ ოსეთის დაწვრილებითი რუკის შედგენა - ყველა ობიექტის, მათ შორის სოფლის ტუალეტების მითითებით. რუკა, რა თქმა უნდა, მიიღეს.

შეიძლება ჯერ კიდევ მაშინ მწიფდებოდა ამ რეგიონის რფ-სთან მიერთების გეგმა.

პუტინის გამოსვლა კიდევ ერთ კითხვას ბადებს: პრემიერ-მინისტრი ოსი ხალხის აზრით რომ ინტერესდება, საკუთარი ხალხის აზრი რატომ არ აინტერესებს? არადა, სწორედ მათ აწევთ კისერზე სამხრეთ ოსეთის რჩენა. მოსკოვის კარნეგი ცენტრის თანამშრომლის ალექსეი მალაშენკოს აზრით კი სამხრეთ ოსეთის შემოერთებით მოსკოვი იქ გადარიცხული ასეული მილიონობით რუბლის გაკონტროლებას შეძლებს, რომელიც დღეს სად იხარჯება, არავინ იცის.

ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ პუტინის განცხადებას სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით: "ჯობია პრემიერ-მინისტრმა  ეკონომიკას მიხედოს. ერთია, დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ თუ ჩვენ სამხრეთ ოსეთი შემოვიერთეთ, ეს ნამდვილად ოკუპაციად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, რაც დასავლეთთან აშკარა კონფრონტაციას ნიშნავს. ითვალისწინებს ამას პუტინი? თუმცა დასავლეთის რატომ უნდა ეშინოდეს? დასავლეთი კადაფის ვერ მორევია და ВВП-ს რას უზამს?"

პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკური განყოფილების გამგის ალექსანდრ ხრამჩიხინის აზრით, "მორიგი მცდელობა იმისა, რომ დასავლეთს დაუმტკიცო, რა მაგარი ბიჭები ვართ, ძალიან სახიფათო პრეცედენტია. ახლა ყველას ექნება უფლება, თქვას, ჩვენ ამერიკული ტანკები გვჭირდება იმისათვის, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაც ოსეთს დაემართაო. საერთოდ, ვიტყვი, რომ "გადატვირთვის" თვალსაზრისითაც და დასავლეთთან დამოკიდებულებაში მეტისმეტი მოგვივიდა და ეს არავის მოეწონება".

საყურადღებო აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა: "კავკასიის გამოყოფის მომხრეა რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოჰყვება კიდევ ვიღაცის მიერთებას და ამაში ფულის გადახდას. გადაწყვეტილება ძალზე არაპოპულარულია. თანაც ჩრდილოეთ ოსეთშიც მაშინვე მიხვდებიან, რომ "ზედმეტი" ფული გვერდით ჩაუვლით". საქართველოში კი ამბობენ, - ეს პუტინის წინასაარჩევნო ტრიუკიაო...

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი