დმიტრი მედვედევი: "ამას არასოდეს ვაპატიებ!" - კვირის პალიტრა

დმიტრი მედვედევი: "ამას არასოდეს ვაპატიებ!"

რადიოსადგური "ეხო მოსკვი", ტელეარხები "რაშენ თუდეი", "პირველი საინფორმაციო კავკასიური"

ჟურნალისტები: ალექსეი ვენედიქტოვი, სოფიკო შევარდნაძე, ეკატერინე კოტრიკაძე.

დ. მედვედევი: - პირველად პრეზიდენტ სააკაშვილს 2008 წელს შევხვდი პეტერბურგში. ვუთხარი: - საქართველოში აუღიარებელ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. მაგრამ მე, რუსეთის ახალი პრეზიდენტი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოძებნოთ კომპრომისული გზები, რომელიც საქართველოს სივრცის რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს, თანაც ყველა კმაყოფილი დარჩეს-მეთქი. მიპასუხა, - ჩვენ მზად ვართ სათანამშრომლოდო... ბოლოს ერთმანეთს ასტანაში შევხვდით. შევთანხმდით, რომ სოჭში შევხვდებოდით და ვისაუბრებდით ყველა პრობლემურ საკითხზე. დამპირდა, ჩამოვალო... იმ პერიოდში საქართველოში დასავლეთის ემისრებმა მოუხშირეს სიარულს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ კი ჩემი კოლეგა აღარ რეკავდა, არც იწერებოდა...

ა. ვენედიქტოვი: - ფიქრობთ, რომ ამ ვიზიტმა უბიძგა სააკაშვილს კონფლიქტისკენ?

- არ მგონია, მაგრამ პოლიტიკაში ბევრი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ნიუანსია. მახსენდება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი. ამერიკაში ჩავედი. კონდის შევხვდი, პრეზიდენტი ბუშიც მოვიდა. მისალმების შემდეგ მკითხა, - მიშა სააკაშვილი ხომ კარგი ბიჭიაო? არ ვიცნობ და ალბათ გავიცნობ-მეთქი. ვიმეორებ, ეს იყო პირველი ფრაზა ბუშთან ჩემი ურთიერთობისა. არ ვთვლი, რომ ამერიკელებმა უბიძგეს საქართველოს პრეზიდენტს აგრესიისკენ, მაგრამ ვფიქრობ, ლაპარაკი იმაზე, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დრო დადგა და უფრო გადამჭრელი ზომების მიღებაა საჭირო, აშკარად იყო, რამაც იმედი ჩაუსახა სააკაშვილს - ამერიკელები არ მიგვატოვებენ და რუსეთთან ომში ჩაებმებიანო.

ე. კოტრიკაძე: - ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად, ყოველგვარი წინა პირობის გარეშე დიალოგის დაწყება შემოგთავაზათ, თქვენ უარზე ხართ, რატომ?

- მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების მიმართ. მისი მითითებით ასობით მოქალაქე დაიხოცა, ჩვენი სამშვიდობოების ჩათვლით. ამას არასდროს ვაპატიებ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება და ახალ პრეზიდენტთან ნორმალურ ურთიერთობას დავამყარებთ. სააკაშვილი ჩემი მადლობელი უნდა იყოს, რომ ჯარები შევაჩერე... ისინი რომ თბილისში შესულიყვნენ, ახლა საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა.

ა.ვ. - ამბობენ, რომ ეს სარკოზიმ გირჩიათ...

- რასაკვირველია, სარკოზიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ კონფლიქტის შეწყვეტაში, მაგრამ არ უთქვამს, - აქ უნდა შეჩერდეთო. იცოდა, იმას გავაკეთებდი, რაც მიზანშეწონილად მიმაჩნდა.

ს. შევარდნაძე: - დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ შეესაბამება "მედვედევ-სარკოზის" გადაწყვეტილებას, სადაც ნათქვამია, რომ ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის ჯარები ომამდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ. რუსეთმა კი აღიარა ეს ორი რეგიონი და თავისი ჯარები იქვე დატოვა. ახლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია. როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე სარკოზის?

- მედვედევ-სარკოზის გეგმა ომის შეჩერებას ეხებოდა, იმ პრობლემების შეჩერებას, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ კუთხით მიმაჩნია, რომ გეგმამ გაამართლა. რუსეთის პოზიცია ნათელია: მედვედევ-სარკოზის გეგმა ასი პროცენტით არის შესრულებული.

ა.ვ. - ფრანგული მხარე ახლაც ელის თქვენგან მედვედევ-სარკოზის გეგმის ბოლომდე შესრულებას...

- არსებობს საფრანგეთის პოზიცია, ევროკავშირის პოზიცია, რომლებიც ჩვენგან განსხვავდება. მედვედევ-სარკოზის გეგმაში არსად არის ნათქვამი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ ვაღიარებდით... ჯარები კი უკვე გავიყვანეთ!..

ე.კ.: - ომამდელ პოზიციებზე?

- დიახ, იმ ომამდელ პოზიციებზე, როგორც რუსეთს მიაჩნია.

- ამერიკის სენატმა და ევროპარლამენტმა რუსეთს დასდო ბრალი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებაში.

- სენატის ეს ფორმულირება უსაფუძვლოა და სენატის გადახრჩუებული წევრების განწყობის გამომხატველი. სულაც არ მანაღვლებს მათი ფორმულირება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება მართებულად მიმაჩნია. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან.

ს.შ.: - თქვენ თქვით, როცა სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, ამ რეგიონებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდებაო.

- მე არ მითქვამს, მოვილაპარაკებთ-მეთქი. ვთქვი, რომ შესაძლებელი გახდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და მოლაპარაკებების დაწყება, ოღონდ გარდა იმ საკითხებისა, რომელზეც ჩვენ უკვე გვაქვს პოზიცია. მაგრამ ამ საკითხებზეც შეიძლება საუბარი.

- დღეს საქართველოში ვერ იპოვით პოლიტიკურ ძალას, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას შეეგუება. გამოდის, რომ სააკაშვილის შემდეგ ვინც მოვა, რუსეთი ვერც მასთან მოილაპარაკებს.

- აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ იმ ხალხთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა გახდება შესაძლებელი, რაც უკვე მნიშვნელოვანია.

- რუსული მართლმადიდებელი ეკლესია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს. ამ საკითხში რატომ განსხვავდება საერო და სასულიერო ხელისუფალთა აზრი?

- ხშირად ეკლესიის კანონიკური ტერიტორიები არ ემთხვევა სახელმწიფოთა გეოგრაფიულ საზღვრებს.

ა.ვ.: - რუსეთის ხელისუფლებაში თუ განიხილებოდა ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება, სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლა და საერთოდ როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

- ამჟამად საამისოდ არც იურიდიული და არც ფაქტობრივი წინა პირობა არ არსებობს... არ ვიცი, რა იქნება 15-20 წლის შემდეგ, როგორი და რამდენი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, ორმაგი მოქალაქეობა გვექნება თუ სხვა. ხაზს ვუსვამ - ამისთვის სამართლებრივი წინა პირობა არ არსებობს. მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა, ის ვითარდება.

ა.ვ.: - კი ბატონო, სააკაშვილმა დაიწყო ომი ოსეთთან. აფხაზეთი რატომღა აღიარეთ?

- შეუძლებელი იყო ერთი გამოყოფილი ტერიტორიის აღიარება და მეორისა - არა. რა გამოვიდოდა: სამხრეთ ოსეთს თავს დაესხით და ჩვენ ის ვაღიარეთ, ახლა აფხაზეთს შეუტევთ - და მერე იმასაც ვაღიარებთ? უთუოდ აფხაზეთზეც მზადდებოდა შეტევა...

ს.შ.: - საქართველოში შიშობენ, რომ რუსეთთან კვლავ ომი იქნება. რას ეტყვით ქართველ ხალხს?

- პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის აღარავითარი კონფლიქტი არ იქნება, ბატონ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც კი - მან კარგი გაკვეთილი მიიღო. მეორე, მთავარია, ჩვენ ეს სამწუხარო ფურცელი გადავფურცლოთ, გვახსოვდეს ის, რაც მოხდა, მაგრამ მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.

(იბეჭდება შემოკლებით)

"ეხო მოსკვი", რუსეთი