ასეთი პრეზიდენტი გვარცხვენს! - კვირის პალიტრა

ასეთი პრეზიდენტი გვარცხვენს!

საბჭოთა პერიოდში ხანდახან გვრცხვენოდა, რომ ქვეყანას ასეთი უტვინო და ხეპრე მეთაურები ჰყავდა. ახლაც მრცხვენია. ხან ერთ პრეზიდენტს მოეპრიანება ფოტოგრაფების წინაშე შიშვლად პოზირება, ან ჟარგონით ლაპარაკობს; ხან მეორე, ქედმაღლური ღიმილით ეთერში ისეთ რამეს დააბრეხვებს, ძალაუნებურად დაეჭვდები, რომ ათასწლოვანი კულტურული ტრადიციების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ორი ბოლო პრეზიდენტის მიმართ ჩვენ არანაირი ილუზიები არ გვაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ქვეყნებში იფიქრონ, რომ ისინი ხალხის მიერ არჩეული, ელიტის საუკეთესო წარმომადგენლები არიან...

აჯობებდა, ოპოზიციური "ეხო მოსკვისთვის", მტრული ПИК-ისა და მართული RUSSIA TODAY-ისთვის ინტერვიუსას ჩვენს პრეზიდენტს ხმა სულ არ ამოეღო და ის 55 წუთი მდუმარედ ყოფილიყო. მართალია, ჟურნალისტები მაინცდამაინც არ ინდობდნენ რესპონდენტს, მაგრამ ნამდვილი ჟურნალისტური დაუნდობლობისგან შორს იყვნენ. და მაინც, ამ პირდაპირ, ყოველგვარ ხრიკს მოკლებულ კითხვებსაც კი ვერ პასუხობდა ისე, რომ მისი პოზიციაც გამოკვეთილიყო და სასაცილოც არ ყოფილიყო.

ჟურნალისტები ეკითხებიან, - რატომ არ შესრულდა სარკოზის გეგმა და რუსეთის ჯარები არ გავიდნენ ომამდელ პოზიციებზეო. მედვედევი პასუხობს: - მე შევასრულე მედვედევ-სარკოზის გეგმა ასი პროცენტით. კი, მაგრამ, აკი, ჯარები ომამდელ პოზიციაზე უნდა გაგეყვანათ? - ინტერესდება ჟურნალისტი. მედვედევი ამაყად მიუგებს, - ესეც შესრულდა. ჯარები გაყვანილია ომამდელ პოზიციებზე - რუსეთის მხარის გაგებით.

რას ნიშნავს ეს? პოზიციას აქვს ზუსტი კოორდინატი და არა რუსული ან ფრანგული გაგება. მედვედევს იდიოტები ვგონივართ?

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღიქვა მედვედევმა აშშ-ის სენატის რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტი პასუხობს, რომ სულაც არ ანაღვლებს ხრონცი სენატის წევრების აზრი. განა ეს პოლიტიკოსის, ქვეყნის პრეზიდენტის პასუხია?

კითხვაზე - რატომ ამბობთ უარს საქართველოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტთან დიალოგზეო, მედვედევი პასუხობს, - რომ არ აპატიებს რუსი სამშვიდობოების დახოცვას. "სააკაშვილი კი სხვადასხვა საერთაშორისო დერეფნებში დარბის და დროდადრო მას თვალს უკრავს" - ეს პრეზიდენტის საკადრისი პასუხია? ამაყი მედვედევი სააკაშვილის თვალის პაჭუნს არად აგდებს, ვერ პატიობს და მოლაპარაკების მაგიდასთან არ ჯდება? ეს რა, საბავშვო ბაღია? პოლიტიკაში პირადი პატიება რომ დიალოგის პირობა ყოფილიყო, მშვიდობიანი მოლაპარაკებები საერთოდ აღარ იარსებებდა. რა ისეთი ქედმაღლობა და უგუნურება მოერია მედვედევს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა სააკაშვილისადმი პირად ანტიპათიას ანაცვალა?

პირველი, რაც შეიძლება იფიქრო: მედვედევმა უკეთესი პასუხი ვერ იპოვა, მაგრამ თუ გავიხსენებთ პუტინის გამონათქვამებს და მთელ რუსულ პოლიტიკურ სტილისტიკას, მივხვდებით, რომ მედვედევმა სიმართლე თქვა. მათ მართლა არ უნდათ სააკაშვილთან "საქმის დაჭერა", ისინი სხედან კრემლის კედლის მიღმა და როგორც ბავშვები სილაში, ისე თამაშობენ დიდ პოლიტიკოსობანას. მუდამ იბუტებიან და ილანძღებიან ისე, როგორც მათ ქუჩურ ან ოჯახურ აღზრდას შეეფერება. საბჭოთა მარაზმი რუსული ინფანტილიზმით შეიცვალა. ჰოდა, დროა, ისინი სასწრაფოდ მოვიშოროთ თავიდან!

ალექსანდრ პოდრაბინეკი

"ეჟედნევნი ჟურნალი", რუსეთი