ისწავლეთ მეზობლობა - კვირის პალიტრა

ისწავლეთ მეზობლობა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც სამხრეთ ოსეთის რეგიონის გამო გაჩაღდა, სამი წელი გავიდა და საქართველოსა და რუსეთს შორის მდგომარეობა კვლავ მწვავდება. სტაბილურობის აღდგენისა და მყიფე და პოტენციურად ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში პოზიტიური დინამიკის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებები აუცილებელია. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და მხარეებმა ახლახან შვეიცარიის შუამავლობით რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრებაზე შეზღუდული მოლაპარაკებები დაიწყეს. მიუხედავად ამისა, მხარეებს აქვთ ისეთი საერთო ინტერესები, როგორებიცაა: რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესება, ვაჭრობა და ტრანსპორტი. ისინი მოლაპარაკებებს სწორედ ამ საკითხებზე უნდა წარმართავდნენ, ნაცვლად ურთიერთბრალდებებისა და მტრული რიტორიკისა, რომელიც დიალოგის აღდგენას ართულებს. ბრძოლის დასრულების შემდეგ კომუნიკაციის დეფიციტმა უფრო გააღრმავა უნდობლობა. საქართველოსთვის რუსეთი ოკუპანტია, რომელიც მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არყევს.

ჟენევის მოლაპარაკებებმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და რომლის მიზანიც უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება იყო, მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ინფორმაციის გასაცვლელად შეიქმნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის, თუმცა ვერ შეძლეს შეთანხმება უფრო სერიოზულ საკითხებზე, რისთვისაც ჟენევის ფორმატი შეიქმნა, კერძოდ, დევნილების დაბრუნებაზე, ხოლო ისეთ ტოქსიკურ ატმოსფეროში, როგორიც დღესაა, ეს მოლაპარაკებები შეიძლება კრახით დასრულდეს. მხარეები უმეტესად შვეიცარიელი დიპლომატების დახმარებით ურთიერთობენ. ბერნი უკვე შუამავლობს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და მზადაა, ხელი შეუწყოს ვაჭრობის, ტრანსპორტის ან უსაფრთხოების საკითხების განხილვას. საქართველომ და რუსეთმა ომის შემდეგ ხელი მოაწერეს ტრანსპორტსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ბაზა თანამშრომლობის განსავითარებლად შეზღუდული პოლიტიკური ნების პირობებშიც კი. საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხანგრძლივი პროცესის დასაწყებად მოსკოვმა და თბილისმა:

- უნდა დაიწყონ არაერთ საკითხზე პირდაპირი მოლაპარაკებები წინა პირობების გარეშე, შუამავლის დახმარებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ორივესთვის მისაღები მესამე მხარე. ამან უნდა შეავსოს და არა შეცვალოს ჟენევის პროცესი.

- მოუკლონ აფეთქებებსა და ტერორიზმის მხარდაჭერაზე რიტორიკას და დასთანხმდნენ ერთობლივ გამოძიებას, ან გამოძიებას, რომელსაც მესამე მხარე ჩაატარებს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ამ რეგიონების ირგვლივ, საერთაშორისო თანამეგობრობამ:

- უნდა განაგრძოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა ის დაბრუნდეს 2008 წლის კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ხელი შეუწყოს დევნილების შინ დაბრუნებას და დაუშვას ევროკავშირის მონიტორინგის მისია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე და მოუწოდოს მხარეებს, გაცვალონ ინფორმაცია თავიანთ უსაფრთხოების ძალებსა და მათ მოქმედებებზე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ.

"ინტერნეშნლ კრიზის გრუპი", აშშ