რუსეთის აგრესიულ-შემტევი მდგომარეობა - კვირის პალიტრა

რუსეთის აგრესიულ-შემტევი მდგომარეობა

საქართველოში რუსეთის ჯარების შეჭრის სამი წლის თავზე პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დუმაში რატიფიცირებისთვის შეიტანა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულება.ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს ამ რესპუბლიკების ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ბაზების 49 წლით განლაგებისა და ფუნქციონირების საშუალება ეძლევა ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესაძლებლობით. რადგან თავად ეს ხელშეკრულებები ერთი წლის წინ დაიდო, ხოლო სამხედრო დაჯგუფებები დიდი ხანია ჩამოყალიბდა, ამ დოკუმენტების სარატიფიკაციოდ მაინცდამაინც 2011 წლის 8 აგვისტოს შეტანა, როცა დუმას არდადეგები აქვს, აშკარად სიმბოლურ-პროპაგანდისტული ჟესტია.

ხელშეკრულებებით - სამხრეთ ოსეთში რუსეთის მე-4 ბაზაში 38000 კაცი უნდა იყოს, ამდენივე - აფხაზეთის მე-7 ბაზაში. სინამდვილეში წინ წამოწეულია მხოლოდ მძიმე შეიარაღება, ხოლო პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ასობით კილომეტრის იქით, რუსეთში - მაიკოპსა და ვლადიკავკაზში დგას. დისლოკაციის ადგილზე კი მორიგეობით დადიან.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ნაწილების პირადი შემადგენლობა ისეთივეა, როგორიც სხვაგან - წვევამდელები ოთხჯერ აღემატებიან მეკონტრაქტეებს. სადღაც ხომ უნდა ასწავლონ ტანკებით და ჰაუბიცებით სროლა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის ხაზს კი, რომელიც ახლა საზღვრად არის გამოცხადებული, ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ჯარების 3 ათასამდე მეკონტრაქტე იცავს.

ამას წინათ მედვედევმა დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრის მთავარი ამოცანა იყო "საქართველოს სამხედრო მანქანის დანგრევა", მაგრამ ეს არ შესრულდა - ქართულმა არმიამ სწრაფად და დროულად უგანა დარტყმებს, ამით კი თავისი თანამედროვე და მოდერნიზებული ტექნიკის უმეტესი ნაწილი გადაარჩინა. მიუხედავად მრავალწლიანი მზადებისა, რუსული შეჭრა ქაოსური და არაორგანიზებული იყო: ბრძოლების დროს მხოლოდ 15 ქართველი ჯარისკაცის დატყვევება მოახერხეს. არადა, დაგეგმილი იყო არმიისა და შსს-ს სპეცრაზმის განადგურება და სამხედროთა უმეტესობის დატყვევება, რაც უეჭველად გამოიწვევდა რეჟიმის დესტაბილიზაციას, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციას კი მიხეილ სააკაშვილის ჩამოგდების შანსი მიეცემოდა.

სრულიად გასაგებია, აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, რატომ მოხსნეს უცერემონიოდ "გმირებად" შერაცხილი გენერლები: 58-ე არმიის მეთაური ანატოლი ხრულევი, სახმელეთო ჯარებისა და ამ ომში გაერთიანებული ჯარების მეთაური ვლადიმირ ბოლდირევი, სამხრეთ კავკასიის ოლქის მეთაური სერგეი მაკაროვი. ქართული ფრონტი დღესაც უმნიშვნელოვანესია - სწორედ სამხრეთ კავკასიაში გზავნიან უპირველესად ახალ ტექნიკას: T-90 ტანკებს ფრანგული "თბოვიზორებით", "ისკანდერ-М" ბალისტიკურ რაკეტებს, Ми-28Н დამრტყმელ შვეულმფრენებს, Су-25СМ მოდერნიზებულ მოიერიშეებს, Су-34 ბომბდამშენებს. ცხადია, რეგიონში გრძელდება გაუთავებელი ანტიტერორისტული ოპერაცია, მაგრამ ამაში ზემოხსენებულ ტექნიკას არ იყენებენ. ტანკები დგანან შიგ ცხინვალში, ცეცხლის შეწყვეტის ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ეკიპაჟები კი წყვილ-წყვილად, - ვლადიკავკაზიდან ასეული კილომეტრის მოშორებით.

არტილერიისა და სარაკეტო შეიარაღებების საწყობები ჯავის მახლობლად, ცხინვალის ჩრდილოეთით, 20 კილომეტრში, თეორიულად ქართული არტილერიის და ზალპური ცეცხლის დარტყმის ზონაშია. თავდაცვაზე არავინ ფიქრობს. რუსეთის ჯარების განლაგება სამხრეთისკენ დამიზნებული აგრესიულ-შემტევია. გენშტაბში, ეტყობა, დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერ მომავალ შესაძლო კონფლიქტში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, სწორედ მოსკოვი იქნება მისი დროისა და ხასიათის განმსაზღვრელი, რათა ავიაციამ იფრინოს, ხოლო ჯარები დროულად დაიძრას, თორემ ზამთარში ხომ ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბი მუდამ ჩახერგილია ზვავ-მეწყრების გამო.

მოსკოვში ქართული "რევანშის" ეშინიათ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერად, ამიტომაც განდევნეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაეროს და ეუთოს დამკვირვებლები, სამხედრო მზადებების არავითარი საერთაშორისო მონიტორინგი იქ არ მოქმედებს. მედვედევი მზად არის, მსო-ში შესვლის ვადა გადადოს, ოღონდ კი ევროკავშირის სასაზღვრო მონიტორინგის ნეიტრალური მისია არ დაუშვას როკის გვირაბსა და აფხაზეთის საზღვარზე. ეტყობა, მისთვის ჯარებისა და ტექნიკის ფარული გადაადგილება ცეცხლის შეწყვეტის ხაზისკენ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. 2008 წელს ქართული სოფლები გაძარცვეს, გადაწვეს და დაანგრიეს. ოსები გაიფანტნენ. ამჟამად სამხრეთ ოსეთში 20 ათასამდე კაცი ცხოვრობს. ახლა არჩევნებისა და სხვა საჭიროებისთვის ოსები სხვადასხვა ადგილიდან შემოჰყავთ. დარჩენილია ცარიელი, გაპარტახებული ზონა (ამიერკავკასიის პლაცდარმი), სადაც ეკონომიკური საქმიანობის ერთადერთი შემორჩენილი სახე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დანიავებაა.

პაველ ფელგენგაუერი

"ნოვაია გაზეტა", რუსეთი