ნუთუ არ შეგვიძლია მშვიდად თანაცხოვრება? - კვირის პალიტრა

ნუთუ არ შეგვიძლია მშვიდად თანაცხოვრება?

ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიხეილ სააკაშვილს "უზრდელი", "პათოლოგი" და "ქართველებს შორის ანომალია უწოდა". ნუ გაკიცხავთ, მან მხოლოდ თავის პრეზიდენტს მიჰბაძა. ხანგრძლივ ინტერვიუში დმიტრი მედვედევმა განაცხადა, - სააკაშვილი სამხედრო ტრიბუნალს უნდა წარუდგეს. რუსეთი არ აღადგენს საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას მანამ, სანამ ის ხელისუფლებაში იქნებაო.

მედვედევმა ასევე ივარაუდა, რომ აშშ გარკვეულ როლს თამაშობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხანმოკლე ომში და ზოგიერთ ამერიკელ სენატორს, რომლებმაც ახლახან რუს ჯარისკაცებს მოუწოდეს, დატოვონ საქართველოს აჯანყებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, "მიხრწნილები" უწოდა.

მიუხედავად ამისა, რუსული სტანდარტებით, ეს განცხადებები მაინც საკმაოდ თავშეკავებული გახლდათ. სამი წლის წინ, მაშინ როდესაც რუსული ტანკები ქართულ არმიას მიწასთან ასწორებდნენ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სააკაშვილს "კვერცხებით" დაკიდებდა.

ჩუმად არც ქართველები დარჩენილან. "რუსეთი, - ამტკიცებს სააკაშვილი, - კვლავ 2008 წლის ომს აწარმოებს. ის უარს ამბობს სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე და საქართველოს მთავრობის დამხობა უნდა..." დრო თითქოს ყველაფრის მკურნალია, მაგრამ "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის" ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ფაქტობრივად გაუარესდა.

თუმცა ქვეყნები მაინც ახერხებენ თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას. ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, საქართველო მაინც განაგრძობს ექსპორტს რუსეთში, რომელიც მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან სიდიდით მეხუთეა.  რუსული კომპანიები დღემდე დებენ ინვესტიციებს ქართულ ეკონომიკაში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში. შარშან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისებიც აღდგა.

შემდეგი დიდი ტესტი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრების წინადადებაა. ამაზე მას საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება. მსო-ში გასაწევრებლად რუსეთმა უნდა გააუქმოს ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მყიფე ექსპორტის სფეროსთვის სერიოზული სარგებელია. ამ საკითხს აბრკოლებს საქართველოს წინადადება, რომელიც თავის საბაჟო კონტროლს მოითხოვს რუსეთს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრებზე.

გასულ თვეში მოლაპარაკებებში, რომელშიც შუამავლები შვეიცარიელი დიპლომატები არიან, ბ-მა ლავროვმა არ გამორიცხა, რომ შეთანხმება საბაჟო პუნქტებთან დაკავშირებით "რეალიზებადია", მაგრამ ბატონი მედვედევის თქმით, რუსეთი არ უარყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტს საქართველოსგან მხარდაჭერის სანაცვლოდ.

მიუხედავად ორ ქვეყანას შორის სერიოზული წინააღმდეგობებისა, მათი ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი გვიჩვენებს, რომ შეუძლიათ თანაცხოვრება, როცა ამას მოისურვებენ და ორივე მხარისთვის უფრო სასარგებლოა გაუმჯობესებული ურთიერთობები. როგორც "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი"ამტკიცებს, სულ უფრო მეტი საფუძველი არსებობს წყენის გვერდზე გადადებისა შეხების წერტილების ძიების დასაწყებად.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი