რობერტ სტურუას მოსკოვში იწვევენ - კვირის პალიტრა

რობერტ სტურუას მოსკოვში იწვევენ

ცნობას, რუსთაველის სახ. თეატრიდან რეჟისორ რობერტ სტურუას დათხოვნის შესახებ, მაშინვე გამოეხმაურა მოსკოვის ხელისუფლება. მოსკოვის მერის მოადგილემ ლუდმილა შვეცოვამ 17 აგვისტოს ქართველ რეჟისორს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია: "სამწუხაროა, რომ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა დაუშვებელი აღმოჩნდა თქვენთვის - მსოფლიოში აღიარებული ხელოვანისთვის. თქვენ, ფართო გაგებისა და დიდი შინაგანი თავისუფლების მქონე ადამიანს, დამსახურებული ავტორიტეტი გაქვთ თეატრალურ სამყაროში, დაწყებული თქვენი საყვარელი საქართველოდან, თქვენს მოყვარულ მოსკოვამდე. აქ ყველას უყვარხართ და ესმით თქვენი..."

შვეცოვამ მოსკოვში სტურუას მიწვევა ასე განმარტა: "მოსკოვის თეატრები რობერტ რობერტოვიჩისთვის ყოველთვის ახლობელი იყო. ახლა, როცა ის მშობლიური თეატრიდან გაათავისუფლეს, ჩვენ ვთავაზობთ სპექტაკლების დადგმას დედაქალაქის ნებისმიერ სცენაზე". მოსკოვში ჯერაც გაცხოველებით ლაპარაკობენ ტაგანკის თეატრიდან შემოქმედებითი ხელმძღვანელის, რეჟისორ იური ლიუბიმოვის სკანდალური წასვლის შესახებ. ახლა მედიაში ვარაუდობენ, მის ადგილს სტურუას შესთავაზებენო. ამ ვარაუდს რუსეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირიც მხარს უჭერს. ცნობილია ისიც, რომ ტაგანკის თეატრში სტურუას მიწვევაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ლიუბიმოვმა თეატრიდან წასვლის განცხადება დაწერა: "თეატრში კატასტროფული მდგომარეობაა, კაცი არ არის, ვისი დანიშვნაც იქ შეიძლება. ამჟამად სტურუა ყველაზე რეალური კანდიდატურაა", - ამბობენ თეატრალურ საზოგადოებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელოვანი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა თბილისის რუსთაველის სახელმწიფო თეატრიდან კულტურის მინისტრ ნიკა რურუას ბრძანებით მოხსნეს. "მე არ ვმალავდი ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ახლანდელი ხელისუფლების მიმართ, - ამბობს სტურუა. ქართველმა ხალხმა ისევე უნდა თქვას უარი საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე. ქართველებმა ცოდვები უნდა მოინანიონ. ქვეყნის მართვა ეკლესიამ უნდა ითავოს, მხოლოდ მაშინ გადარჩება ქვეყანა. თუ სატანას გავაღმერთებთ, საშინელება დაგემართება" - ასეთი იყო სტურუას აზრი...

"მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, როგორ აღიქვეს თქვენი თეატრიდან მოხსნის ამბავი თქვენმა თანამშრომლებმაო, რეჟისორი პასუხობს, - ჯერ არ ვიცი, ალბათ ნერვიულობენ, მაგრამ მსახიობი ყველასა და ყველაფერზე დამოკიდებულია და თუ არაფერს იტყვიან, არ მეწყინება, ყველა წინანდებურად მეყვარება.

- ალექსანდრ კალიაგინმა თავისი თეატრის, ET CETERA-ის მთავარი რეჟისორობა შემოგთავაზათ. დათანხმდით?

- ჯერ ვფიქრობ, ამ სიტუაციაში გასარკვევად ერთი კვირა თბილისში დავრჩები, მერე ზღვაზე წავალ - ფოთთან პატარა სახლი მაქვს. წავალ, წავიკითხავ, დავხატავ, ფორტეპიანოზე დავუკრავ. მერე დავბრუნდები და ალბათ დავთანხმდები კალიაგინის წინადადებას - კარგა ხანია, რიგით რეჟისორად მეპატიჟება, ახლა კი მთავარი რეჟისორობა შემომთავაზა...

"ნოვიე იზვესტია", რუსეთი