აფხაზეთი აფხაზებისთვისო!.. - კვირის პალიტრა

აფხაზეთი აფხაზებისთვისო!..

2011 წლის აგვისტო აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო სავსე: საქართველოზე გამარჯვების წლისთავი, რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ვადამდე არჩევნები და პირველი სასაზღვრო სკანდალი რუსეთთან. აფხაზების მიერ არააფხაზი ეროვნების მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლების წართმევასთან დაკავშირებული გაუთავებელი დავები და ტურისტებზე თავდასხმები...

აფხაზეთში ჩასულს უმალ ხვდება თვალში ცარიელი პლაჟები, გზები, ქალაქები და სოფლები, სახლების უმეტესობა ნანგრევებად არის ქცეული. ეს ათიათასობით სახლი, ადგილობრივი გაგებით, არასატიტულო ეროვნების ხალხს - ქართველებს, რუსებს, სომხებს, ბერძნებს - ეკუთვნოდათ. იქაურების აზრით, თუ სახლები აფხაზისა არ არის, ე.ი. არავისია...

აფხაზეთი - აფხაზი ხალხის ნაციონალური სახელმწიფოა და სხვისი არავისი - ამას მათ გასაგონად ვამბობთ, ვისაც დღემდე არ შეუგნია ეს და ილუზიებით ცხოვრობს. ამაზე მეტყველებს აფხაზეთის უახლესი ისტორიაც - იყო აფხაზების 17%, ახლა 50-მდე გაიზარდა. სად გაქრა დანარჩენი ეროვნების ხალხი, ქართველების გამოკლებით, რატომ არ ჩქარობენ ამ ნაყოფიერ მხარეში ჩამოსვლას, რატომ არის ცარიელი აქაური უძვირფასესი მიწა?

ამბობენ, აფხაზი სტუმართმოყვარეაო... მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი სტუმრის გონის დაკარგვამდე დათრობაა, რომ  სუფრაზევე აღებინოს, მაგიდის ქვეშ ჩავარდეს და დაიძინოს. დილას ნაბახუსევმა გააწამოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს... ოფიციალური ვერსიით - ეს ყველაფერი კავკასიური სტუმართმოყვარეობის გამო ხდება... სინამდვილეში კი იმიტომ ასმევენ, რომ დაამცირონ "დიდი სამყაროდან" ჩამოსული ადამიანები, აჩვენონ, რომ აქაურებზე დაბლა დგანან და რაღაცით მაინც სუსტები არიან. სამაგიეროდ, რაღაც ხრიკებით ფხიზლად დარჩენილ რუს ჟურნალისტებს კარგად ესმოდათ საუბრები იმაზე, სამასი წლის მანძილზე როგორ ჟუჟავდა რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, როგორ ავიწროებენ კავკასიელებს რუსეთში და ა.შ. და, ცხადია, რუსეთისთვის ამის პატიებას არავინ აპირებს. მთელი ეს სოციალურ-პოლიტიკური ფონი აისახება დამსვენებლებზე. თუ საღად შევაფასებთ მდგომარეობას - აფხაზეთს ტურისტული პერსპექტივა არ აქვს.  საგარეო მოხმარებისთვის კავკასიური სტუმართმოყვარეობა მომგებიანი მითია. ეს გაზეთის კორესპონდენტებმა საკუთარ თავზე გამოცადეს: - ე.წ. "მაღალი დონის" კაფესა თუ რესტორანში, რაც უნდა ადრე მიხვიდე, პირველ რიგში აფხაზებს ემსახურებიან. ოფიციანტები ვერ გიხსნიან, რატომ ხდება ასე, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი ნათელი იყო. გასაგები იყო ისიც, თუ რატომ ვერ დატოვებ "უცხონომრიან" მანქანაში ნებისმიერ ნივთს, რატომ ტოვებენ მანქანის პატრონები საქარე მინაზე წარწერას - "მანქანაში არაფერია", რატომ ატარებენ "გამოცდილი" რუსი ტურისტები მკერდზე ჩამოკიდებულ ჩანთებს, თანაც ზედ ხელსაც აფარებენ. ტურისტი სტუმარი არ არის, არავინ გამოესარჩლება, არ ანაღვლებთ ის, რომ მას რესპუბლიკაში ფული შემოაქვს! აგრე მოუხდება.

წელს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. რუსეთი დემონტრაციულად არ ერევა მის სამზადისში, მაგრამ ყველამ იცის, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც კრემლს უნდა: "არაფერი შეიცვლება, უკვე ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი შამბა იქნება", - ამბობენ სოხუმელები.

"კომსომოლსკაია პრავდა", რუსეთი