მიხედეთ ამ ქვეყანას! - კვირის პალიტრა

მიხედეთ ამ ქვეყანას!

სამი წლის წინ კავკასიას თავს დაატყდა რუსეთ-საქართველოს ომი. ამ მოვლენებზე ფიქრმა რამდენიმე დღის განმავლობაში შეგვიპყრო, თუმცა მოგვიანებით ჩვენ პოლიტიკურ ყოველდღიურობას დავუბრუნდით, მაგრამ პრობლემა დღესაც გადაუჭრელია. დადგება დრო, ეს კონფლიქტი ხელახლა გამწვავდება და ვერც ერთი ექსტრემალური დიპლომატიური მისია ვეღარ შეძლებს მის მოგვარებას.

ევროკავშირის სახელით კონფლიქტში აქტიურად ჩართული საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული საზავო პირობები არ სრულდება, რუსეთი შეთანხმების პირობებს არღვევს, ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას არაფრად აგდებს, განაგრძობს საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადას, ევროკავშირის დამკვირვებლებს დღესაც არ შეუძლიათ სადავო ტერიტორიებზე შესვლა.

რუსეთის ინტერესი ცხადია: მოსკოვი კავკასიაზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს და ამიტომ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას ატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში. რუსეთი დღემდე ამ პოლიტიკას წარმატებით ახორციელებდა და მათ შორის იმიტომაც, რომ ევროპელები ამაზე თვალს ხუჭავენ. ეს რეალპოლიტიკის“კლასიკური გაკვეთილია.

ნდობა პოლიტიკაში უდიდესი სიკეთეა. საქართველოს საკითხში ეს ნიშნავს, რომ ჯერ ერთი, დასავლური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პასუხისმგებლობის აღიარებას, როგორც ეს ახლახან აშშ-ის სენატმა გააკეთა; მეორე, დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური ბლოკადის გაუქმებას. ამისთვის კარგი ათვლის წერტილია რუსეთის მიზანი, გაწევრდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მესამე (და მნიშვნელოვანი) დასავლეთმა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის უფრო მდგრადი პერსპექტივა უნდა შესთავაზოს.

ევროკავშირს შეუძლია და უნდა გააკეთოს კიდეც იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე აკეთებდა. მას შეუძლია საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა. ევროპელები უფრო ინტენსიურად უნდა მიემხრონ საქართველოში მიმდინარე შთამბეჭდავ რეფორმებს და უნდა ახსოვდეთ ის, რაც აღმოსავლეთისკენ გაფართოების პროცესში გაიგეს: რეფორმების განხორციელების უნარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, უპირველესად, ევროკავშირის წინადადებების სიმტკიცეზეა დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებათა დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, როგორც ევროპის მხრიდან კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერის ნიშანი.

"დი ველტი", გერმანია