მოსკოვი მოლდავეთს თმობს - კვირის პალიტრა

მოსკოვი მოლდავეთს თმობს

გაგაუზთა ავტონომიის პარლამენტის სპიკერის ანა ხარლამენკოს განცხადებით, მოლდაველი მინისტრებისა და დეპუტატების დიდი ნაწილის მოქმედებამ, რომლებმაც მიიღეს რუმინეთის პასპორტები და ფიცი დადეს, რომ დაიცავენ რუმინეთის ინტერესებს, შეუძლია უბიძგოს მოლდავეთს რუმინეთთან ინტეგრირებისაკენ იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებითურთ.

ბოლო ორი წელია, მოლდავეთს მართავს ალიანსი "ევროპული ინტეგრაციისათვის", რომელშიც შედის სამი პარტია: ლიბერალური, ლიბერალ-დემოკრატიული და დემოკრატიული.

პირველი ორი პარტია აშკარად იბრძვის მოლდავეთის რუმინეთთან შესაერთებლად - ამ ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტები ხშირად მართავენ ერთობლივ სხდომებს, რამდენიმე თვეა, სასაზღვრო პოსტებზე ძალაში შევიდა ერთობლივი წესები, მოლდაველი ახალგაზრდები სწავლობენ რუმინულ უმაღლეს სასწავლებლებში.

ერთი სიტყვით, ორი ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებს.

რესპუბლიკის სამხრეთში მდებარე გაგაუზთა ავტონომია შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, გაგაუზები რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგნი არიან და ყველაფერს იღონებენ, რომ მოლდავეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. "გაგაუზებს ბულგარელებმა თავიანთი მოქალაქეობა შესთავაზეს - ოდესღაც ჩვენი წინაპრები იქიდან გამოიქცნენ ოსმანთა ბატონობისაგან თავის დასაღწევად, მაგრამ გაგაუზები თანახმანი არ არიან.

ბუქარესტთან გაერთიანება არც მოლდაველთა ნაწილს სურს და არც რუსულენოვან მოსახლეობას, მაგრამ მოსკოვის დახმარების იმედი არ გვაქვს. რუსეთმა, ფაქტობრივად, წააგო მოლდავეთი, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის, რუმინეთის გავლენას განიცდის", - აცხადებს გაგაუზთა ავტონომიის პარლამენტის სპიკერი.

"რია ნოვოსტი", რუსეთი