აზერბაიჯანში თურქეთთან კონფედერაციაზე ალაპარაკდნენ - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანში თურქეთთან კონფედერაციაზე ალაპარაკდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას სადღეისოდ ძირითადად ირანი და რუსეთი ემუქრება. რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტად შეიძლება იქცეს სამხედრო კავშირი თურქეთთან, მოგვიანებით კი აზერბაიჯან-თურქეთის კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა, - აცხადებენ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები ჰიქმეთ ჰაჯიზადე და ვაფა გულუზადე. მათი თქმით, "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების გასაღები რუსეთს უპყრია ხელთ".

აგვისტოს პირველ ნახევარში სოჭში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრამ, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტს ეძღვნებოდა, აზერბაიჯანის საზოგადოებრიობას იმედი გაუცრუა. სასიკეთო მოლოდინი უსაფუძვლო აღმოჩნდა. მართალია, ოფიციალურმა წყაროებმა შეხვედრა სასარგებლოდ მიიჩნიეს, რომელსაც შეუძლია ადგილიდან დაძრას მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ სასიკეთო ჯერჯერობით არაფერი ჩანს.

პოლიტოლოგ ჰიქმეთ ჰაჯიზადეს აზრით,  აზერბაიჯანს რუსეთისა ეშინია და საამისო საბაბიც აქვს. პოლიტოლოგმა ყურადღება მიაქცია დმიტრი მედვედევის მიერ სოჭის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ნათქვამ ფრაზას - ალიევთან გულახდილი საუბარი გვქონდაო. ჰაჯიზადეს აზრით, ეს გამოთქმა იმას ნიშნავს, რომ ალიევს უთხრეს, - ყარაბაღის საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა დაუშვებელია და თუ აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებას დაიწყებს, რუსეთს შეუძლია მას შეახსენოს, რაც საქართველოში მოხდა.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვაფა გულუზადეს აზრით, ბოლო დროს, ირანის ყველა მოქმედება მიმართულია აზერბაიჯანში ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად. პირველ რიგში სწორედ ამას უკავშირდება აზერბაიჯანის მოსახლეობის "რელიგიური თვითშეგნების" ზრდა, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებათა გააქტიურება და, რაც მთავარია, ირანის შეიარაღებულ ძალთა გენშტაბის უფროსის აშკარა მუქარა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისამართით.

"ირანს პოლიტიკაში რელიგიის ჩართვით სურს თავისი გავლენის გაფართოება. აზერბაიჯანი ირანისთვის ნომერი პირველი სამიზნეა, რადგან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. თეირანი არ მონაწილეობს მთავარ რეგიონულ პროექტებში, მაგალითად, პროექტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. ამიტომაც მტრულად არის განწყობილი აზერბაიჯანისადმი", - აცხადებს გულუზადე. მეორე მხრივ, ირანის ანტიაზერბაიჯანული პოზიცია გარკვეულწილად ხელს აძლევს ოფიციალურ ბაქოს, რომელსაც დასავლეთი აკრიტიკებს დემოკრატიული ფასეულობების უგულებელყოფის გამო. მაგრამ განა შესაძლებელია თავისუფლების დონის ამაღლება, როცა ქვეყანა ისლამური რევოლუციის საფრთხის მუქარას განიცდის?! - აცხადებს ყოფილი მრჩეველი.

მისი აზრით, გამოსავალი თურქეთთან კონფედერაციის შექმნაა. "აზერბაიჯანმა თურქეთთან უნდა დადოს სამხედრო კავშირი, შემდეგ კი ორივე ქვეყანამ გამოაცხადოს კონფედერაცია. ეს იქნება ძლიერი სიგნალი ირანისადმი, რომ თავი დაანებოს აზერბაიჯანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ექნება აზერბაიჯან-თურქეთის კავშირთან", - ამბობს პოლიტოლოგი გულუზადე.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი