მეტი თავისუფლება უნდათ - კვირის პალიტრა

მეტი თავისუფლება უნდათ

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, საერთაშორისო აზრის მიუხედავად, ცალმხრივად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოსგან მოგლეჯილი ამ ტერიტორიის ლიდერები კი ჯერაც ვერ შეჰგუებიან ამ აღიარებისთვის გადახდილ საფასურს. იმის გამო, რომ რუსეთის გარდა არც ერთ დიდ ქვეყანას არ სურს აფხაზეთის, როგორც ლეგიტიმური სახელმწიფოს, აღიარება, ის ძალაუნებურად მოსკოვზეა დამოკიდებული.რუსეთის სამხედროები და მესაზღვრეები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რუსეთის კომპანიებისგან ყიდულობენ აფხაზები საკვებ პროდუქტებსა და სათბობს, რუსეთის მთავრობა უხდის იქაურ პენსიონერებს პენსიებს. აფხაზეთის ერთადერთი ვალუტა არის რუბლი.

"ვცდილობთ, შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც ვიბრძოდით. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა იმ ალესილ დანის პირზე გავლას, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე ვადგავართ. ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება ტრაგედიამდე მიგვიყვანოს", - ამბობს სერგეი შამბა.

"ყველას კარგად ესმის, რომ ახლანდელი სიტუაცია ჩიხშია, - აცხადებს ადგილობრივი დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორი ინალ ჰაშიგი, - ის ძალიან ჰგავს საბჭოთა მზრუნველობის სისტემას, რაც დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას არ გვაძლევს".

ზოგიერთი ხელმძღვანელის აზრით, მათი ნება რომ იყოს, რუსულ ფულს ნაკლებად მომგებიან, მაგრამ უფრო პრაქტიკულ საქმიანობას მოახმარდნენ, ვიდრე ტურიზმია. მაგალითად, სოფლის მეურნეობას. "ჩვენ ახლავე გვჭირდება ინვესტიციები ადგილობრივი წარმოებისთვის, განათლებისთვის, სპორტისა და კულტურისთვის, მედიცინისთვის", - ამბობს ალექსანდრე ანქვაბი.

რუსეთმა 362 მლნ დოლარი გამოყო აფხაზეთის ინფრასტრუქტურისთვის, მაგრამ იქაურობას სასიკეთო არაფერი დასტყობია. საბჭოთა დროინდელი მრავალსართულიანი სახლები კვლავ ჩამონგრეულია, ელექტრო და წყალმომარაგება ზოგიერთ რაიონში სავალალო მდგომარეობაშია, რაც აშენდა, ისიც რუსეთის სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. "სამწუხაროდ, ამ წლების მანძილზე ვერც ერთი ფართომასშტაბიანი პროექტი ვერ განვახორციელეთ, ჩვენ ვერ შევძელით ქვეყნის განვითარების გეგმის შექმნა", - წუხს შამბა.

რუსეთის ოფიციალური პირები კი აფხაზეთის ხელმძღვანელებს ადანაშაულებენ რუსეთიდან წამოსული ფულადი სახსრების უკანონო  მითვისების გამო. იანვარში რუსეთის კონტროლის პალატამ აფხაზეთის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი უმიზნოდ დახარჯული 12 მლნ დოლარის შესახებ განაცხადა. რუსი მოხელეების თქმით, პროგრესს ხელს უფრო აფხაზეთის ხელმძღვანელების სიჯიუტე უშლის.

"აფხაზეთი სამოქალაქო ქორწინებიდან კანონიერ ქორწინებაზე გადადის. 15 წლის მანძილზე ისინი მიეჩვივნენ ცხოვრების გარკვეულ წესს და ფიქრობდნენ, რომ რუსეთის საშუალებით საკუთრებაში დაიბრუნებდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ, ხოლო ცხოვრება საამური გახდებოდა", - ამბობს კრემლის ანალიტიკოსი სერგეი მარკოვი. მისი აზრით, აფხაზმა ხელმძღვანელებმა მათ სხვადასხვა სფეროს გაკონტროლების მეტი უფლება უნდა მისცენ... რუსეთს კარგა ხანია, აფხაზეთის ზღვისპირეთზე უჭირავს თვალი. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაც კი ცდილობს იქ თავისი გავლენის გავრცელებას, ამიტომ აფხაზები საგონებელში არიან ჩავარდნილნი - ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი დამოუკიდებლობაო...

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ