დმიტრი მედვედევი ედუარდ კოკოითის დაემშვიდობა - კვირის პალიტრა

დმიტრი მედვედევი ედუარდ კოკოითის დაემშვიდობა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის მეთაური ედუარდ კოკოითი სოჭის რეზიდენციაში მიიღო და რესპუბლიკის მომავალ არჩევნებზე ესაუბრა. მათი ეს შეხვედრა ალბათ ბოლო იქნება, რადგან შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთის ლიდერი თავის პოსტს დატოვებს.ის ისტორიაში შევა არა მარტო როგორც ვიღაცის მიერ მაინც აღიარებული რესპუბლიკის პირველი ხელმძღვანელი, არამედ, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის გულუხვი დახმარების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოსთან ომის შემდეგ დანგრეული რესპუბლიკის აღდგენა.

რფ-ის პრეზიდენტთან ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ კოკოითიმ მედვედევს დიდი მადლობა გადაუხადა გულუხვი დახმარებისა და გაბედული გადაწყვეტილებების გამო. ჟურნალისტებთან კი განაცხადა, - სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდებაო. თუმცა, ამ დინამიკას გავლენა არ მოუხდენია სამხრეთ ოსეთის აღდგენაზე. კოკოითიმ აღიარა, რომ სამი წლის წინანდელი ხუთდღიანი ომის შემდეგ კვლავ დანგრეულია მუნიციპალური და კერძო ნაგებობების 70%. არადა, მოსკოვმა, მისივე თქმით, 2008 წელს სამხრეთ ოსეთს 26 მლრდ რუბლი გამოუყო. კოკოითი თითქოს თავს იმართლებდა - ეს სახლები 1989 წლიდან არის დანგრეული. ზოგიერთი სახლი უპატრონოა და ვისთვის აღვადგინოთო. კითხვაზე, - არ გწყდებათ გული, რომ ისე ტოვებთ პოსტს, დანგრეულის აღდგენა ვერ მოახერხეთო, კოკოითიმ უპასუხა, - რასაკვირველია, მაგრამ რესპუბლიკა მხოლოდ ხუთ დღეში კი არ დანგრეულა, არამედ 18 წლის წინათ (აქედან 10 წელი რესპუბლიკას კოკოითი ხელმძღვანელობს!). იმედი მაქვს, რომ მომავალი პრეზიდენტი ამას მოახერხებსო.

ვინ იქნება სამხრეთ ოსეთის მეთაური 13 ნოემბრის შემდეგ? ეს საკითხი აღელვებს კოკოითით იმედგაცრუებულ მოსკოვს. სწორედ მომავალ არჩევნებზე და არა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავის აღნიშვნაზე ისაუბრეს მედვედევმა და კოკოითიმ.

კრემლში სერიოზულად განიხილავენ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურას, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ცხინვალი არჩევნების ჩატარებას არა მოსკოვის, არამედ საკუთარი სცენარით აპირებს. პრეტენზიები პრეზიდენტობაზე რფ-ის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელს ჯამბოლათ თედეევსა და სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სერგეი ბიტიევსაც აქვთ.

"რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევა სამხრეთ ოსეთის ხალხის საქმეა. დმიტრი მედვედევი კი ხალხის არჩევანს პატივს სცემს", - განაცხადა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა.

"კომერსანტი", რუსეთი