ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობენ - კვირის პალიტრა

ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობენ

"ბოლო დროს გამოჩნდნენ გარეშე ძალები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემებს ბუქავენ, ცდილობენ, გააფუჭონ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების უფროსმა ალი ჰასანოვმა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე - აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ქართველი აზერბაიჯანელების ინტეგრაცია საზოგადოებაში."

მისი თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ გატარებული პოლიტიკა მსოფლიო სტანდარტებსაც შეესაბამება და ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ინტერესებსაც ითვალისწინებს. ასევე, მან აღნიშნა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც რელიგიური მისიების ნიღბით მოქმედებენ სამხრეთ კავკასიაში. "დღეს აზერბაიჯანელთა შორის მუშაობენ მისიონერები. მე, როგორც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, ვურჩევ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს და განსაკუთრებით საქართველოს უშიშროების სტრუქტურებს, სერიოზული ყურადღება მიაქციონ ასეთ ძალებს და გამოავლინონ მათი ზრახვები", - დასძინა მან.

ჰასანოვის აზრით, აუცილებელია სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, რადგან ამაზეა დამოკიდებული რეგიონის მომავალი. "სამხრეთ კავკასიის სამმა სახელმწიფომ თავი უნდა დაიხსნას კონფლიქტებისგან, რომლებიც გარეშე ძალების მხარდაჭერითა და გავლენით შეიქმნა. კონფლიქტების გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო უფლებების დაცვით. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ერთიანობას, მშვიდობას ამ ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. ამით შევძლებთ გლობალურ სამყაროში ინტეგრირებას."

ჰასანოვმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში აზერბაიჯანსა და საქართველოში აზერბაიჯანულმა და ქართულმა ენებმა თავ-თავის ქვეყნებში სახელმწიფო ენის სტატუსი მიიღეს, მაგრამ მაშინ გაურკვეველი იყო, რაში გამოიხატებოდა ენის სტატუსი, რა ენაზე უნდა წარმართულიყო მოლაპარაკებები სახელმწიფო ორგანოებში, რა ენაზე უნდა მიეღოთ განათლება. ახლა ყველა სახელმწიფო განსაზღვრავს თავის ენობრივ პოლიტიკას. არსებობს ერთიანი სახელმწიფო ენის პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენც და საქართველოც. ყველამ, ვინც კი საქართველოში ცხოვრობს, უნდა იცოდეს ქართული ენა. მართალია, ამას არავინ აიძულებთ, მაგრამ ენის ცოდნას გარკვეული უპარატესობა აქვს. თუ შენ იცი ეს ენა, გზა ხსნილი გაქვს სახელმწიფო სტრუქტურებში. ჩვენთანაც სწორედ ასეა... რასაკვირველია, აზერბაიჯანელმა თავისი უნდა იცოდეს, მაგრამ ქართველ საზოგადოებაში ინტეგრაცია მხოლოდ ქართული ენის ცოდნით არის შესაძლებელი", - დასძინა ჰასანოვმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციიის წარმომადგენელი რელიგიურ საკითხსაც შეეხო. "ორივე ქვეყანა ვალდებულია, უზრუნველყოს აღმსარებლობის თავისუფლება. აზერბაიჯანში მიღებულია კანონი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც მიიღებს ასეთ კანონს და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ამ კანონის ფარგლებში იმოღვაწებენ", - თქვა მან.

"ტრენდი", აზერბაიჯანი