სომხურ-ქართული პროექტი - კვირის პალიტრა

სომხურ-ქართული პროექტი

ავსტრიაში საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთი ქვეყნების პრეზიდენტების  ვიზიტების საკითხი განიხილეს. ვიზიტების ვადები არ დაზუსტებულა.

ეს ინფორმაცია ფრიად საინტერესო ამბების კვალდაკვალ გავრცელდა: ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ განაცხადა, - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხური წარმომავლობისააო, შემდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უარყო ჭორები, თითქოს სააკაშვილს ძალაუფლება სომხური ლობის ზეწოლით გადასცა, რამაც უფრო აალაპარაკა ხალხი სააკაშვილის პროსომხურ პოლიტიკაზე. არადა, სააკაშვილი აზერბაიჯანის საუკეთესო მეგობრადაა აღიარებული. ალბათ, ამიტომ არ აიტაცა ბაქომ ეს ჭორი. მან ეს ან ადრევე იცოდა, ან არ უნდა აღიაროს, რომ აზერბაიჯანის საუკეთესო მეგობარი სომეხია.

ამ ფონზე რაზე ისაუბრებენ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები? ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში აქცენტების შეცვლა შეინიშნება: გადაწყვეტილია სომხური ეკლესიის სტატუსი საქართველოში - პარლამენტმა სომხურ სამოციქულო ეკლესიას შეიძლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭოს. მართალია, უკანასკნელ წუთს სომხურ სამოციქულო ეკლესიას საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების (?! - რედ.) დასაკუთრების ნება არ დართეს, სამაგიეროდ, ახლა სომხეთსაც აქვს უფლება, საქართველოს არ გადასცეს მის ტერიტორიაზე არსებული ექვსი ქართული ქალკედონური ეკლესია, რომელზეც საქართველო პრეტენზიას აცხადებს.

ცოტა ხნის წინ საქართველომ და სომხეთმა ინვესტიციების დაცვის კანონი მიიღეს. ერთი შეხედვით, ის საქართველოში აქტიურად გადინებული სომხური კაპიტალის დაცვას ემსახურება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს შეიძლება სომხეთში ქართული ინვესტიციების გამოჩენის სამზადისიც იყოს, თუნდაც საგზაო მშენებლობაში. საინტერესოა ისიც, რომ სომხეთის ტელევიზიაში იგეგმება სომხეთ-საქართველოს სატელევიზიო პროექტი, რომელიც, გასართობ გადაცემებთან ერთად, სომეხ ობივატელს გააგებინებს, რომ საქართველო არ არის ჯავახელი სომხების უფლებების შემლახველი ქვეყანა და არც მეზობლების მტერი. გაიოლდა ზოგიერთი პროცედურა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, მაგრამ ორი ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციამდე, რაზეც  სომხეთში სტუმრობისას ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ შორსაა და დამნაშავე ამაში საქართველო კი არა, სომხეთია...

ადრე სომხეთში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა თქვა: "ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ, რით გავაკვირვებთ მსოფლიოს, თუ არა ჩვენი ინტელექტით?"

"გაუმარჯოს უსაფრთხო სომხეთს, გაუმარჯოს უსაფრთხო საქართველოს!" - გააგრძელა სერჟ სარგსიანმა.

ჯერჯერობით, პრიორიტეტების ეს განსხვავება შენარჩუნებულია.

"ლრაგირი", სომხეთი