კურორტის აშენებაა მთავარი?! - კვირის პალიტრა

კურორტის აშენებაა მთავარი?!

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში შავიზღვისპირეთის "შვიდვარსკვლავიანი" კურორტი ანაკლია გახსნა და აღნიშნა, - ეს კურორტი სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის პასუხიაო. მაგრამ ხელისუფლების დაკვეთით შექმნილი 16,5 მლნ ევროს (დაახლოებით 23,8 მლნ დოლარი) ღირებულების პროექტი კონტრასტულად განსხვავდება იმ პირობებისგან, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.

ანაკლიის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება ექვსჯერ აღემატება გადაადგილებულ პირთა სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტს. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 88 ათასი ოჯახიდან სახელმწიფომ მხოლოდ მეოთხედი დააკმაყოფილა საცხოვრებლით.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთათვის სახლების მშენებლობა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო - დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად საერთაშორისო დონორებისგან დაპირების მიღების ორი თვის თავზე. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას დევნილთათვის სახლების ასაშენებლად, რემონტისა და დახმარების სხვა პროგრამებისთვის 105 მლნ ევრო (დაახლოებით 151,4 მლნ დოლარი) გამოუყო სხვადასხვა გრანტის სახით.

აშშ-ის მთავრობამ ლტოლვილების დასახმარებლად 83 მლნ დოლარი გამოყო და ამას წინათ ივალდებულა, დამატებით გამოყოს 34,67 მლნ დოლარი 92 შენობის სარემონტოდ, ასევე 12 სოფელში წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემების მოსაწესრიგებლად. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის სამმართველო კი ფინანსებს გამოყოფს სხვა საცხოვრებელი პროექტებისთვის.

ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილი ამბობს, რომ თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრები შედარებით მცირეა, მაგრამ "ირიბი დახმარება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ძალიან დიდია - ეს არის შვიდასამდე შენობა. ახალი გზები, ელექტრომომარაგების სისტემის ამოქმედება, სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა". გარდა ამისა, ხელისუფლებამ ცალ-ცალკე სახლებში შეასახლა სამხრეთ ოსეთიდან გამოქცეული ათიათასობით ოჯახი.

ანაკლიიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ფოთში ასევე მიმდინარეობს მშენებლობა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომელსაც უცხოელი დონორები აფინანსებენ. მაგრამ ამ მშენებლობის ტემპები ძალიან განსხვავდება კურორტის მშენებლობის ტემპებისგან. ცოტა ხნის წინ, ახალ კომპლექსში, რომელშიც 32 შენობა შედის, აფხაზეთიდან დევნილთა 1200 ოჯახი შეასახლეს. ბინების ფანჯრებზე ქათქათა ფარდები კიდია, ახალი ავეჯი დგას, კარზე ჯვარია.

სოხუმიდან დევნილი თინა ჩიგანავა ამბობს: - ეს ოროთახიანი ბინა, რასაკვირველია, ჯობია იმ ტარაკნებით სავსე საერთო საცხოვრებელს, სადაც 18 წელი ვცხოვრობდიო.

მაგრამ მშენებლობის ხარისხი, სასურველია, უკეთესი იყოს. ზოგიერთ შენობაში ბინებში საღებავი ცვივა და კედლები დაიბზარა კიდეც, იატაკზე ლამინატი ამოიბურცა. ზოგჯერ ოთახში სამი კაცი წევს. ლტოლვილები წუხან, ანაკლიაში მშენებლობაზე სამუშაოს შოვნის იმედი გვქონდა, მაგრამ ვერ ვიშოვეთო.

კონტრასტი ახალი კურორტის მშენებლობის პროექტსა და ლტოლვილთა საცხოვრებელ შენობებს შორის გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უპირატესობას კურორტს ანიჭებს. თუმცა მარტიაშვილის მტკიცებით, სამინისტროს მჭიდრო კავშირი აქვს ლტოლვილებთან, ზრუნავს მათზე და დონორების დახმარებით წარმატებებსაც მიაღწია.

ფოქს ნიუსი. აშშ