ამერიკის უმოქმედობით... - კვირის პალიტრა

ამერიკის უმოქმედობით...

მიუხედავად ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმებისა, რომელმაც რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული დაპირისპირება დაასრულა, რუსეთი მაინც აგრძელებს საქართველოს დასუსტებისა და სააკაშვილის თავიდან მოცილების პოლიტიკას. ეს აშშ-ს უნდა აწუხებდეს, რადგან საქართველო მეგობარი და მოკავშირეა.

საქართველო, მდებარეობის გამო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანზიტული ქვეყანაა ევრაზიიდან დასავლეთში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის. თუ მას უკონტროლოდ დავტოვებთ, რუსეთის ნეოიმპერიალისტურმა ტენდენციებმა შეიძლება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, შეიძლება შთანთქას საქართველო და ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მთავარი პრიორიტეტი - კონფლიქტის განახლების აღკვეთაა. ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს უნდა მოსთხოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, მეტი ტრანსპარენტულობა კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით და ევროპელი მეთვალყურეების უფლებების გაფართოება.

გარდა ამისა, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ საქართველოსთან, რათა მან "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკით რუსეთს თავისი გათვლები შეაცვლევინოს. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს  ეკონომიკურ სტიმულებს, ნდობის განმტკიცებას, აფხაზები და ოსები რუსეთის კალთას ქართველებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მეშვეობით უნდა მოსწყდნენ.

შეერთებულმა შტატებმა წელს ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.  თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო დამთმობი იქნება, აშშ-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სააქციო კაპიტალის კერძო ბაზარზე, რომელიც მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის, საპრივატიზაციო გეგმებისა და ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად.

პროვოკაციაზე სასარგებლო - დისკუსიაა. ჟენევის მოლაპარაკებები მძიმე, მაგრამ აუცილებელი ფორუმია რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ პირთა ინტერაქციისთვის. მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს, მაგრამ შეიძლება იქცეს სასარგებლო ფორუმად, რომელიც აღკვეთს ინციდენტების ინტენსიფიკაციას და უკონტროლობას. ნდობა ასევე შეიძლება აღდგეს ძალის გამოუყენებლობის პრინციპების დეკლარაციით, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველო, რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალნი. დეკლარაცია არ არის სუვერენულ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება, ამიტომ არ ნიშნავს საქართველოს მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებას. დეკლარაცია განამტკიცებს საქართველოს მოთხოვნას რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ და იმის დამამტკიცებელი იქნება, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება თანამშრომლობას.

თანამშრომლობა და არცნობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. შავი ზღვის ტურიზმი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის. აფხაზეთში უნდა შერბილდეს საერთაშორისო ფრენებისა და ზღვით გადაადგილების წესი, უნდა გაფართოვდეს ჰუმანიტარული თანამშრომლობა, თანამშრომლობა ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების შესრულება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გადარჩენის საუკეთესო გზაა. სტრატეგიული მოთმინება იმის საშუალებაა, რომ ვითარება არ გაუარესდეს, მაგრამ პრობლემები გამძაფრდება, თუ აშშ უფრო აქტიურად არ იმოქმედებს ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ