"წინასწარ ვტკბები ჩემი სეფესიტყვით!" - კვირის პალიტრა

"წინასწარ ვტკბები ჩემი სეფესიტყვით!"

"რაც მეტია გამოწვევა, მით  ბედნიერი ხარ!"

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაზეთ "სეგოდნიას" კორესპონდენტთან საუბრის ფრაგმენტები:

- უკრაინაში ყველამ იცის თქვენი და ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მეგობრობის ამბავი. ბოლოს როდის შეხვდით?

- ცოტა ხნის წინ კრინიცაში, ეკონომიკურ ფორუმზე ვნახე, ხელი ჩამოვართვი. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ალბათ გახსოვთ,  საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა, მაშინ ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ჩვენ ხომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით. თბილისთან თითქმის 100 000-კაციანი ჯარი იყო მომდგარი, ჩვენ კი თავის დასაცავად არც საკმარისი შეიარაღება გვქონდა და არც ჯარისკაცები გვყავდა. ჩვენი მთავარი იარაღი ჯარი კი არა, ის ფაქტი იყო, რომ თბილისის ქუჩებში ასობით ათასი კაცი გამოვიდა. ჩვენთან ერთად პარლამენტის წინ ხელიხელჩაკიდებული იდგა პოსტსაბჭოთა სივრცის ხუთი სახელმწიფოს თავკაცი, ასევე საფრანგეთის ლიდერი ნიკოლა სარკოზი. ვიქტორ იუშჩენკო კი იმ მძიმე წუთებში საქართველოში უკრაინას წარმოადგენდა, სწორედ ეს ეხსომება საქართველოს საუკუნოდ.

- უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ძალიან კარგი. როცა ოპოზიციაში იყო, მაშინაც ვხვდებოდი, მის აგარაკზეც ვარ ნამყოფი და ეს არასდროს დამიმალავს. ყველა ჩემმა მეგობარმა, მათ შორის ვიქტორ იუშჩენკომაც იცოდა, რომ ურთიერთობა მქონდა მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. უკრაინასა და საქართველოს ხალხების ურთიერთობა ნათელმირონობასა და ნათესაობაზე არ არის დამოკიდებული.

- თქვენ ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოსა და საგარეო საქმეთა ყოფილ თავკაც იური ლუცენკოსაც კარგად იცნობთ. რას იტყოდით მათ დაპატიმრებაზე?

- უკრაინამ ბევრი რამ თავად უნდა გადაწყვიტოს. კანონის უზენაესობის და საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით. ჩვენ, მაგალითად, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კორუფციის ბრალდებით პასუხისგებაში მივეცით არა მარტო ადრინდელი მთავრობის მინისტრები, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ა.შ., არამედ ჩვენი გუნდის წევრებიც, ჩვენი თანამოაზრეები, რომელთა იმედიც მქონდა და პატივს ვცემდი! ჩვენ ყველას ერთნაირად მივუდექით - დამნაშავე ხარ? - პასუხი აგე!

- თუ არ ვცდებით, თქვენმა კორუფციონერებმა სახელმწიფო ბიუჯეტი "შეავსეს"...

- დიახ. დიდი ფულადი კომპენსაცია შევიდა სახელმწიფო ხაზინაში მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. ჩვენი გუნდის წევრები უფრო სასტიკად დავსაჯეთ - დავაპატიმრეთ.

- ამბობენ, რომ შპიონაჟში დადანაშაულებული ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე თქვენი მეგობარი იყო.

- ასე არ ვიტყოდი, თანამშრომლებთან კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს, ვენდობით, თვალს არ ვადევნებთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ კონტრდაზვერვამ გამოიჭირა. ეს სამსახური არასტანდარტული მეთოდებით, მეტად ეფექტიანად მუშაობს...

- მაგალითად, იჭერს ფოტოგრაფებს...

- ირონია აქ უადგილოა. როგორ ფიქრობთ, უცხოეთის სამსახურს როგორი ინფორმაცია სჭირდება? ძალიან უბრალო - ვინ გავიდა, ვინ შემოვიდა... როცა ასეთი წვრილმანები მუდმივად ხელთ გაქვს, კარგად ინფორმირებული ხარ, თუმცა მაინცდამაინც დიდი საიდუმლო ეს არ არის... სხვათა შორის, ჩვენი დაზვერვაც მოიპოვებს სხვაგან ამგვარ ინფორმაციას და არა სკანდალურ საიდუმლოებებს.

- 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ოპოზიციამ რეპრესიებსა და სისასტიკეში დაგადანაშაულათ, საქართველოს კი "პოლიციური სახელმწიფო" უწოდა. ნანობთ დარბევის ბრძანების გაცემას?

- არა! რა თქმა უნდა, მიმძიმს ტელევიზიით იმის ყურება, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ძალას ხალხის მიმართ, ეს სრულიად მიუღებელია ჩემი ბუნებისათვის, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. მადლობა ღმერთს, რომ არც ერთ პოლიციელს იარაღი არ ჰქონდა, თორემ არავინ იცის, რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეები მანქანებზე დასხდნენ და რამდენიმე პოლიციელს გადაუარეს, ერთი დაიღუპა კიდეც, სხვები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

- გყავთ ახლო მეგობრები?

- კი, ისინი ჩემი თანამებრძოლები არიან. ერთნაირი ფასეულობები გვაქვს, ერთნაირი ხედვა, იმის შეგრძნება, რომ პირადი კომფორტი არაფერს ნიშნავს და გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი. გუნდი ერთი ნიშნით შეირჩა - ისინი იდეალისტები არიან, სჯერათ ქვეყნის მომავლისა, მზად არიან, ამას შესწირონ ყველაფერი. რატომ არ არსებობს ჩვენში კორუფცია? იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაღალი ხელფასები გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ გვწამს - კორუფცია არ უნდა იყოს! ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეს გჯერა. თანამდებობაზე თანაკლასელების და ნათესავების დანიშვნაზე ალერგია მაქვს! ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში მეუბნებოდნენ, მათ შორის დედაჩემიც - შენი კლასელი გოგო უმუშევარია, დაურეკე ვინმეს, მოაწყვე სამსახურშიო. ამის გაკეთება არ შემიძლია!

- კიდევ ერთი, შესაძლოა, ბანალური კითხვა. ბედნიერი კაცი ხართ პოლიტიკაში, ცხოვრებაში?

- ვერ ვიტან, როცა არა მაქვს კონკრეტული საქმე, როცა მაქვს - ბედნიერი ვარ. არ არსებობს ზოგადი ბედნიერება, არის კონკრეტული კმაყოფილება კონკრეტულ მომენტში, ეს კი ძალიან სწრაფად გაივლის ხოლმე. ბედნიერებაა, როცა გაქვს გამოწვევა და რაც მეტია გამოწვევა, მით უფრო ბედნიერი ხარ.

- რას გააკეთებთ საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ?

- ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, უპირველესად, ჩემს პირად და თანამოაზრეების განწყობაზე. ქვეყანას აბსოლუტურად კოლექტიურად ვხელმძღვანელობთ (სხვათა შორის, თანაგუნდელები ჩემს კაბინეტში ხშირად მეკამათებიან, მიყვირიან კიდეც - მლიქვნელობა ცუდ ტონად მიმაჩნია, ვერ ვიტან მლიქვნელებს) და, რაც მთავარია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოში აღარ იქნება ერთპიროვნული მმართველობა. ეს არც ახლა არის დე ფაქტო, მაგრამ მაშინ დე იურეც აღარ იქნება. საქართველოს პრეზიდენტი იტოვებს სერიოზულ ფუნქციებს, ეს მე მოვითხოვე! თუმცა ვენეციის კომისია პრეზიდენტის ინსტიტუტის ნიველირებისაკენ გვიბიძგებდა.

პრემიერ-მინისტრს აქვს სერიოზული ოპერატიული ფუნქცია, მაგრამ დამოკიდებულია პარლამენტსა და მთავრობის სხვა წევრებზე, ანუ სულაც არ არის კომფორტული თანამდებობა. პარლამენტის სპიკერიც მნიშვნელოვანი თანამდებობაა, მაგრამ მერმისს პარლამენტი ქუთაისში გადადის და ეს ცვლილება გაცილებით მნიშვნელოვანია იმაზე, თუ რა იქნება 2013 წელს. როცა ახალ პარლამენტში ვიტყვი ჩემს სეფესიტყვას, წინასწარ ვტკბები ჩვენს ცნობიერებაში მომხდარი გადატრიალებით და მაშინ მეორეხარისხოვანი გახდება, სად იქნება კონკრეტული პირი კონკრეტულ წელს.

"სეგოდნია", უკრაინა