აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფარსია - კვირის პალიტრა

აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფარსია

"დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის სწრაფვა საერთაშორისო სამართლის დაცინვაა და მისი აღიარება ეთნიკური წმენდის საზარელ გამართლებას ნიშნავს"

ანდრეი ილარიონოვი, ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტი, რუსეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი:

- რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის არ აღიარეს და აბსოლუტურად არალეგიტიმური უწოდეს, ხელი არ შეუშლია აფხაზეთის საქმის“მხარდამჭერებისთვის, რომლებმაც განაგრძეს კამპანია აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების უზრუნველსაყოფად.

აფხაზური რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას რუსეთი უწევს. აფხაზეთის აღიარებისკენ ხმამაღალი მოწოდებების კვალად, ძალიან მოხერხებულად იჩქმალება ის გარემოება, თუ როგორ შეიქმნა ეს რეჟიმი. არადა, 1990-იან წლებში ის ხელისუფლებაში მოვიდა დაახლოებით 10000 მშვიდობიანი მოქალაქის განადგურებისა და ბოლო ოცი წლის განმავლობაში აფხაზეთიდან დაახლოებით 300000-ზე მეტი კაცის გაძევების ხარჯზე.

1992-1993 წლების კონფლიქტმა და 2008 წლის რუსეთის ინტერვენციამ აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი რადიკალურად შეცვალა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 1989 წელს აფხაზეთის 525000-იანი მოსახლეობიდან ეთნიკური აფხაზი 17,8% იყო, ხოლო ქართველი - 45,7%, ანუ დაახლოებით 240000 კაცი. 2003 წლისთვის ქართველი მოსახლეობის რაოდენობა 81%-ით - 4600 კაცამდე შემცირდა.

იმავე პერიოდში აფხაზები იმ ერთადერთ ეთნიკურ ჯგუფად იქცა, რომლის რიცხვიც ომამდელი 17%-დან მთლიანი მოსახლეობის ნახევრამდე გაიზარდა. ის სასტიკი და აღმაშფოთებელი პროცესი, რომლის შედეგადაც ეს მოხდა, დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ეთნიკურ წმენდად შეაფასა.

სასტიკი დანაშაული, აფხაზების მსგავსად, ჩაიდინა ქართულმა მხარემაც, რომელიც 1990-იანი წლების ომებში დიდწილად არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებების სახით მონაწილეობდა, მაგრამ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ეს დამნაშავეები გაასამართლა. არაფორმალური ჯგუფები აიკრძალა, მათი მეთაურები კი ციხეში მოხვდნენ. არაფერი მსგავსი აფხაზეთში არ მომხდარა. არავინ გაუსამართლებიათ, ხოლო დამნაშავეებმა დიდება, ორდენები და სხვებისთვის წართმეული ქონება მიიღეს. აფხაზეთის პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს ეთნიკური წმენდა არ უღიარებია, რომ არაფერი ვთქვათ მის დაგმობაზე.

იმავდროულად, აფხაზური საქმის მხარდამჭერებმა შეიძლება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვან: რატომ არ შეიძლება აფხაზეთთან დაკავშირებით კოსოვოს პრეცედენტის გამოყენება, რომელმაც საერთაშორისო აღიარება სერბეთისგან ძალადობრივი გამოყოფის შემდეგ მიიღო?

მაგრამ კოსოვოს პრეცედენტი (იქ აღიარების პროცესს უზადოს ნამდვილად ვერ უწოდებ) აფხაზეთთან დაკავშირებით არ გამოდგება. ამ ორ მოვლენას შორის უზარმაზარი სხვაობაა. ჯერ ერთი, კოსოვოში ყველაზე სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს სერბებმა, რომლებიც გამოყოფას ეწინააღმდეგებოდნენ. აფხაზეთში კი ეს აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა რუსმა მოკავშირეებმა გააკეთეს. მეორეც: კოსოვოში დევნილების დაბრუნების უფლება, ამ მხარის თვითგამორკვევის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. აფხაზეთში კი თვითგამორკვევა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დაბრუნებაზე უართანაა დაკავშირებული.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოსოვოს დამოუკიდებლობა გახდა მაგალითი ეთნიკური წმენდებისთვის. აფხაზეთისთვის კი ასეთი აღიარება გადაიქცევა ეთნიკური წმენდის საზარელ გამართლებად და ჯილდოდ მათთვის, ვინც ის  ჩაიფიქრა და განახორციელა.

აფხაზ ხალხს სჭირდება ევროპასთან თანამშრომლობა და იმსახურებს, რომ იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილი. მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით მოხდება ეს. არ შეიძლება ამის გაკეთება ეთნიკური წმენდის გამართლების აღიარებით, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ანექსიის უგულებელყოფით, ასევე, იმ არჩევნების აღიარებით, რომელიც ჩაატარა აპარტეიდულმა საზოგადოებამ, საიდანაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაძევებულია, ხოლო იქ დარჩენილი ქართველების უმრავლესობას ხმის მიცემის უფლება არ აქვს.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოითხოვოს საქართველო-რუსეთის 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების სრულად შესრულება, შეთანხმებისა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა და რომლის თანახმადაც რეგიონიდან რუსეთის არმია უნდა გავიდეს. შემდეგ ნაბიჯად უნდა იქცეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, მათ შორის დევნილებისთვის დაბრუნების უფლების მიცემა.

ნებისმიერი სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ქმედება იმის ნიშანი იქნება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები აფხაზეთში ნაგვის ურნაში გადაიყრება და ძალით გაძევებული ადამიანების დაბრუნებამდე გამართული ნებისმიერი არჩევნები სხვა არაფერი იქნება, თუ არა ტრაგიკული ფარსი!

"ფორეგინ პოლისი", აშშ