თანამოაზრეთა ადმინისტრაცია - კვირის პალიტრა

თანამოაზრეთა ადმინისტრაცია

კონსტიტუციის შესაბამისად, აფხაზეთის ახალმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა თავისი ინაუგურაციის მეორე დღესვე დანიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი - დიდი ხნის თანამოაზრე და თანამებრძოლი, 64 წლის ლეონიდ ლაკერბაია.

ალექსანდრ ანქვაბმა არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა. განსვენებული სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ანქვაბი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო, მეორედ არჩევისას კი ვიცე-პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ აფხაზეთი კვლავ ბაღაფშის კურსს გააგრძელებს. მეტიც, ანქვაბის გამარჯვებამ და პრემიერად ლაკერბაიას დანიშვნამ "ბაღაფშის გუნდი" იმაზე მეტად განამტკიცა, ვიდრე ბაღაფშის სიცოცხლეში იყო.

ლაკერბაია, ისევე როგორც ანქვაბი, გუდაუთელია. 1992-1995 წლებში ის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი იყო, 1995-1996 წლებში - საგარეო საქმეთა მინისტრი. 2005 წელს ანქვაბის მთავრობაში კვლავ ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა. 2004 წლიდან მოყოლებული, ყველა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ოდესღაც, ქართულ-აფხაზური ომის მიწურულს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლიდერებს - ბაღაფშს, ანქვაბს, ლაკერბაიას მოლაპარაკებებში პოტენციურ პარტნიორებად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა: საქართველოსთან დაკავშირებით აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების აზრი უცვლელია. რეფორმისტებს საქართველოსთან კონტაქტის აღდგენის სურვილი რომც ჰქონოდათ, 2008 წლის შემდეგ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების გამო ეს სურვილი გაურკვეველი დროით დავიწყებას მიეცა. სამაგიეროდ, აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში ანქვაბის მოსვლას ცვლილებები მოჰყვება.

ბაღაფშთან მუშაობის მანძილზე ანქვაბიც და თავად ბაღაფშიც გარკვეულწილად ხელ-ფეხშეკრულნი იყვნენ. ლაპარაკია გავლენის ჯგუფებთან კომპრომისების მთელ სისტემაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში. ახლა ანქვაბს კარტბლანში აქვს კომპრომისებზე უარის თქმაზე, ყოველ შემთხვევაში ისეთებზე, რომელიც ხელს უშლის განვითარებას. მას შეუძლია "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს იმ პროგრამის შესრულება, რომელიც ბაღაფშისტებს ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდათ.

ხასიათით ანქვაბი ბაღაფშზე ხისტია. მას მართვის პროცესის წვრილმანებში ჩარევა უყვარს. შესაძლოა, ამან აფხაზეთში მონომმართველობის არათანამედროვე სისტემა ჩამოაყალიბოს. სამაგიეროდ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რუსეთის გავლენის ზონაში მყოფი კავკასიისთვის ეს კორუფციის აღმოფხვრის შანსს იძლევა. მეორე მხრივ, თუ ანქვაბი ამ შანსს განახორციელებს, მტრებს გაიმრავლებს - მას უკვე ისედაც ხუთჯერ ესროლეს. თუ ანქვაბს გამოუვა, აფხაზეთს უკეთესობისკენ წასვლის შანსი მიეცემა, თუ არა, აფხაზეთი უკან-უკან წავა.

"მოსკოვსკიე ნოვოსტი", რუსეთი