"ქართველებს უნდა ვუმადლოდეთ..." - კვირის პალიტრა

"ქართველებს უნდა ვუმადლოდეთ..."

პოლიტოლოგ ანუშ სედრაქიანის საუბრის ნაწყვეტი:

- წელს სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს. თქვენი აზრით, რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის იმპერიაზე?

- დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის იმპერია უკვე აღარ არის მძლავრი დერჟავა და არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც შესწევთ, რუსეთსა და საკუთარ ეკონომიკას, ქცევის ფსიქოლოგიასა და კულტურას შორის ზღვრის გავლების ძალა და უნარი. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, კუდში მივჩანჩალებთ. ამას წინათ წავიკითხე - რუსეთს სომხეთზე ზეწოლის უდიდესი ბერკეტები გააჩნია, საქართველოსა და აზერბაიჯანზე კი არაო. როგორ მოხდა, რომ ერთ რეგიონში საქართველო, რომელიც ჩვენზე უკეთეს დღეში არ არის, გადაურჩა ზეწოლის ბერკეტებს, სომხეთს კი ისევ უღელი ადგას? სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვისთვის ყველა იჯარას ითხოვს, ჩვენ კი ხმასაც ვერ ვიღებთ, მაშინვე გვაჩუმებენ, - თურქეთი წალეკავს სომხეთსო. თუმცა, ღმერთმა არ ქნას და, ბაზები ვერ გვიშველის - იერიში 10 წუთზე მეტხანს არ გაგრძელდება.

- სომხებს არ გააჩნიათ ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი?

- როგორ არ გააჩნიათ და საკმაოდ მძლავრიც. მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ეროვნულ სახელმწიფოს  ეროვნული სიამაყე უნდა ედოს საფუძვლად. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვიტრაბახოთ, მსოფლიოში საუკეთესო ყურძენი გვაქვსო ან მაშტოცი გვყავსო... საქართველოს ექსცენტრიკულმა ლიდერმა, რომლის ყველა ნაბიჯი როდია მოტივირებული, მოკავშირედ გამოიყენა ქართველების ეროვნული სიამაყე. საბჭოთა პერიოდში საქართველოში საპროტესტო გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო, რუსული ენა ამიერკავკასიაში სახელმწიფო ენა გახდებოდა. საქართველოს უნდა ვუმადლოდეთ, რომ აგვაცილა საბოლოო ასიმილაცია. ჩვენ ახლაც ვხსნით რუსულ სკოლებს, ე.ი. არ გვაქვს ეროვნული სიამაყე. ქართველები იმით ამაყობენ, რომ კორუფცია არ აქვთ და არა ჩვენსავით - სევანითა და არარატით.

კორუფცია საზოგადოებრივი ელემენტია. ჩვენი ორიენტირები კი რა არის? - არარატი, რომელიც ჩვენი არ არის, კონიაკი, რომელიც არაფრად ვარგა! დროა, განვსაზღვროთ ორიენტირები და ჩვენი ეროვნული სიამაყის აღდგენაზე ვიფიქროთ.

"ლრაგირი", სომხეთი