მილიარდერი ივანიშვილი რუსულ ბიზნესს სააკაშვილთან ბრძოლისთვის გაყიდის - კვირის პალიტრა

მილიარდერი ივანიშვილი რუსულ ბიზნესს სააკაშვილთან ბრძოლისთვის გაყიდის

მილიარდერი ბიძინა (ბორის) ივანიშვილი, რომელსაც რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენებში ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით 25-ე ადგილზეა, აპირებს აქტიურად ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლებიდან უზურპატორ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასაშვებად, - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც ადგილობრივ მედიაში პარასკევს გამოქვეყნდა.ამასთან, ბიზნესმენი პირობას დებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე, "რათა პოლიტიკაში მისი ყოფნის პერიოდში საზოგადოებას არ გაუჩნდეს ზედმეტი კითხვები", რუსეთში თავის ბიზნესს მთლიანად გაყიდის, რაც მისი კაპიტალის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ჟურნალმა "ფორბსმა" 2011 წელს 55 წლის ივანიშვილის ქონება 5,5 მლრდ დოლარად შეაფასა.

უჩინმაჩინი

ივანიშვილი რუსულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ფიგურაა. ის საქმიან ელიტაში 1991 წელს დაფუძნებული ბანკის,"როსიისკი კრედიტის"”თანამფლობელად შევიდა. თუმცა თავად ბიზნესმენზე თითქმის არაფერია ცნობილი. ჰოლდინგ "უნიკორში", რომელიც ივანიშვილის ყველა აქტივს მართავს, ამბობენ, რომ ბიზნესმენმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1982 წელს კი მოსკოვში შრომის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. ივანიშვილის ნაცნობი ბიზნესმენები მისი პირველადი კაპიტალის შესახებ ჰყვებიან, რომ ბიზნესმენმა ის 1980-იანი წლების მიწურულს სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობით დააგროვა.

კოლეგა-ოლიგარქებისგან განსხვავებით, ივანიშვილი უკვე 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოშორდა ბანკის ოპერატიულ მართვას და უმეტეს დროს საზღვარგარეთ ატარებდა, არ ცდილობდა გამოჩენილიყო საზოგადოებაში. თვით ე.წ. "7 ბანკის" ეპოქაშიც კი, ივანიშვილის პარტნიორი, "როსკრედიტის" პრეზიდენტი ვიტალი მალკინი ბორის ელცინთან დადიოდა. "როსკრედიტი", რომელიც 1990-იანი წლებში უმსხვილესი ბანკების ათეულში შედიოდა, ნავთობისა და გაზის სექტორისა და "დიდი მეტალურგიის" პრივატიზაციის პროცესში არ დაუშვეს. მხოლოდ 1998 წლისთვის შეძლო ივანიშვილის ჯგუფმა  კონტროლის დამყარება ლებედინსკის, მიხაილოვსკისა და სტოილენსკის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატებზე. 2004 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. "ინტერფაქსის" ცნობით, იქ ის ფლობს ბანკ "ქართუს", 600 ჰა მიწას, საიდანაც 300 ჰა ვენახია. 2005 წელს ივანიშვილმა ბიზნესმენებს, ალიშერ უსმანოვს და ვასილი ანისიმოვს მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი 1,65 მლრდ დოლარად მიჰყიდა.

ივანიშვილის კომპანია "უნიკორი" საკუთარ თავს "რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დივერსიფიცირებულ მმართველ კომპანიას" უწოდებს. მისი ძირითადი აქტივები თავმოყრილია ოთხ სექტორში: ფინანსები, უძრავი ქონება, ფარმაცევტული სფერო და სოფლის მეურნეობა.

ფინანსური სექტორი წარმოდგენილია მმართველი კომპანია "ინტერფინ კაპიტალით" (8 მეპაიე საინვესტიციო ფონდის მმართველობით, სუფთა აქტივების ღირებულება 2010 წლის 31 დეკემბრისთვის 2,229 მლრდ რუბლი) და ბროკერით "ინტერფინ ტრეიდი".

"უნიკორი" თავის საიტზე წერს, რომ ააშენა და აშენებს კომერციულ და საცხოვრებელ ობიექტებს, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 1 მლნ კვმ-ია. 2008 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, უძრავი ქონების სექტორში ჩადებული ინვესტიციები დაახლოებით 2 მლრდ დოლარს შეადგენს. ყველაზე მასშტაბურ პროექტებად კომპანია მიიჩნევს პროექტს "სადოვიე კვარტალებს" მოსკოვის ხიმკის რაიონში, მრავალფუნქციურ კომპლექს SUMMIT-ს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Moscow Tverskaya-თი, სასტუმრო კომპლექს "ლუქს ოტელს" ტვერის ბულვარზე და სოჭში ბიზნესკლასის საცხოვრებელ კომპლექს "დომ პიონერს".

"უნიკორის" კუთვნილი დახურული სააქციო საზოგადოება "ერკაფარმი" მართავს სააფთიაქო ქსელს "დოქტორ სტოლეტოვი", რომელიც რუსეთის 11 რეგიონში 422 სავაჭრო წერტილს ითვლის (2008 წლის სავაჭრო ამონაგები 5,2 მლრდ რუბლი, 2009 წლის პირველ კვარტალში - 1,28 მლრდ რუბლი).

"სოფლის მეურნეობის აქტივები წარმოდგენილია აგროსამრეწველო კორპორაციით "სტოილენსკაია ნივა", რომელიც რუსეთის 8 რეგიონში მემცენარეობით, მეცხოველეობით, ფქვილისა და პურპროდუქტების წარმოებითაა დაკავებული (ჯამური პროდუქციის მოცულობა 2008 წელს - 12, 96 მლრდ რუბლი). "უნიკორის" მონაცემებით, "სტოილენსკაია ნივა" პურის ქარხნების რაოდენობით რუსეთში მეორე ადგილზეა, ფქვილის წარმოებით - მესამეზე, კომბინირებული საკვების წარმოებით კი - მეხუთეზე.

”ვედომოსტი”, რუსეთი