დამყოლი ანქვაბი - კვირის პალიტრა

დამყოლი ანქვაბი

აფხაზეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი მოსკოვს ეწვია. დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ კრემლმა აღიარა, რომ აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელთან უფრო იოლი იქნება საკამათო საკითხებზე მორიგება, ვიდრე მის წინამორბედ სერგეი ბაღაფშთან იყო.

დმიტრი მედვედევმა აფხაზი კოლეგის ვიზიტი "ძმური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცების საწინდრად" შეაფასა. ამის დასამტკიცებლად პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ორ მემორანდუმს - რფ-ის ფედერალური საარქივო სააგენტოსა და აფხაზეთის სახელმწიფო საარქივო სამმართველოს თანამშრომლობასა და ტერიტორიის სანიტარიული დაცვის საკითხში თანამშრომლობაზე, ასევე ორ შეთანხმებას რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გამშვები პუნქტის კეთილმოწყობის შესახებ. რუსეთისთვის ინფორმაციის მოწოდებასა და საზღვრით გაყოფილი წყლის ობიექტების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების საკითხში თანამშრომლობაზე.

პრობლემებზე სიტყვაც არ თქმულა, არადა, პრეზიდენტის სავარძელთან ერთად ანქვაბს პრობლემებიც ერგო, რომელიც ასე თუ ისე ძაბავდა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს: რფ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სანატორიუმ "სოხუმთან" დაკავშირებული კონფლიქტი, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის თაობაზე (რასაც რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება); დაბოლოს, სოფელ აიბგას ტერიტორიული კუთვნილების საკითხი.  რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ მოგვარდება ყველა, მათ შორის ტერიტორიული პრობლემებიც. "ანქვაბი დამყოლი კაცია. შეხვედრაზე მან ყველა საკითხის კონსტრუქციულად გადაწყვეტის მზადყოფნა გამოხატა", - თქვა მოლაპარაკების ერთ-ერთმა მონაწილემ.

დიპლომატი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეუერთდეს ევრაზიულ საბაჟო კავშირს, რომლის შექმნასაც აპირებს პუტინი. თუმცა ეს მაშინ მოხდება, თუ ამ კავშირის სხვა წევრები აღიარებენ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც...

”კომენრასტი”, რუსეთი