რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა... - კვირის პალიტრა

რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა...

7 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ქართველ ხალხს განუცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას და ქართულ-რუსული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა:"ჩვენ მოვახერხეთ 2008 წლის ომის სწრაფად შეჩერება, მაგრამ ნამდვილი მშვიდობის დამყარება ვერ შევძელით. თქვენ ტერიტორიის ნაწილი მოგკვეთეს. ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც სხეულის ნაწილის მოკვეთა. მიუხედავად აღებული ვალდებულებებისა, შეიარაღებული ნაწილები არა მარტო დარჩნენ თქვენს კარებთან, არამედ გაძლიერდნენ კიდეც გამყოფი ზოლის სახით".

სარკოზიმ თქვა, რომ საფრანგეთმა კარგად იცის, რას ნიშნავს დანაწევრებული ქვეყანა, "მაგრამ დიდი პოლიტიკოსების - შარლ დე გოლისა და კონრად ადენაუერის წყალობით, მაინც მივაღწიეთ მშვიდობას გერმანიასთან. გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს სწორედ ის გზაა, რაც უნდა გაიარონ საქართველომ და რუსეთმა".

საფრანგეთის პრეზიდენტი დაჰპირდა ქართველებს, რომ კვლავ მიადევნებს თვალს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: "პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია. კიდევ ერთხელ ვითხოვ, რომ ევროპელ დამკვირვებლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნება მიეცეთ. ვადასტურებ, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა თავის სახლ-კარს უნდა დაუბრუნდეს!

საფრანგეთი რუსეთს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ საქართველო და რუსეთი ასევე უნდა გახდნენ პარტნიორები და მეგობრები", - განაცხადა სარკოზიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სარკოზის რუსეთთან ომის დროს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ 2008 წელს რუსული ტანკები იმიტომ კი არ შევიდნენ თბილისში, რომ კეთილი ნება გამოავლინეს, არამედ ქართველი ხალხის ერთიანობის და მისი მოკავშირეების, კერძოდ, სარკოზის ძალისხმევის გამო. სიტყვის დასასრულს სააკაშვილმა თქვა, - ვერავითარი ძალა ვერ დააბრუნებს საქართველოს წარსულში, საბჭოთა კავშირში, მონობაში, ვერავინ ვეღარ დაგვაჩოქებს, რადგან საქართველოს არჩევანი ევროპა და ევროპული დემოკრატია არისო.