ჭიდაობას რა უნდა... - კვირის პალიტრა

ჭიდაობას რა უნდა...

თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის მთავარმა მწვრთნელმა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მთავარმა მოწინააღმდეგე ძამბოლატ თედეევმა რესპუბლიკა დატოვა, უფრო სწორად, დაატოვებინეს.ამგვარად, სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბრძოლა შეწყვიტა. მისი ახლობლები ამბობენ, - სხვა გზა არც ჰქონდა, რადგან ოპოზიციონერს ცხინვალის მთავრობა დაჭერით ემუქრებოდა და მასზე სისხლის სამართლის ორი საქმეც შეთითხნა. თანაც დაჰპირდა, თუ დროზე მოუსვამ აქედან, შენს მომხრეებსაც არაფერს დავუშავებთო.

პირველი საქმე მის წინააღმდეგ 18 აპრილს აღიძრა. რესპუბლიკის შსს-ს მონაცემებით,  მშობლიური სოფლისკენ მიმავალი თედეევის მანქანების კორტეჟიდან ხმამაღალი ლანძღვა-გინება ისმოდა, რის გამოც მილიციამ გააჩერა. ალტერნატიული ვერსიით - კორტეჟი უმიზეზოდ გააჩერეს. რასაკვირველია, ყველაფერი სახელისუფლებო ძალებთან შეხლა-შემოხლით და ჰაერში სროლით დასრულდა. თედეევთან ერთად მაშინ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის სპორტული ბრძოლის ფედერაციის მეთაური მიხეილ მამიაშვილი იმყოფებოდნენ. ისინი რეგულარულად აკრიტიკებდნენ ედუარდ კოკოითის, რომელმაც ინციდენტის შემდეგ თედეევს პროვოკატორი უწოდა.

მეორე საქმე 30 სექტემბერს მასობრივი უწესრიგობის ორგანიზების ბრალდებით შეიქმნა. თედეევს, იმ მიზეზით, რომ რესპუბლიკაში მუდმივად არ ცხოვრობდა, პრეზიდენტობის კანდიდატობაზე რეგისტრაციის უფლება არ მისცეს. მისი მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ, ხელისუფლებამ კი მოჭიდავეს დააბრალა - საარჩევნო შტაბის შენობის იერიშით აღება უნდაო. ოპოზიცია ამას უარყოფს.

ცოტა ხნის წინ უმაღლესმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაადასტურა. გარდა ამისა, მთელი კვირა ცხინვალში თედეევსა და რესპუბლიკის ხელმძღვანელებს შორის დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

კოკოითიმ განაცხადა, თედეევის შეცდომების გამო უბრალო ხალხმა პასუხი არ უნდა აგოს. ისინი ავანტიურაში ჩაითრიეს და თავიანთი შეცდომა აღიარესო... ჩანს, რომ ოპოზიციონერი რესპუბლიკაში აღარ დაბრუნდება და თუ ამის სურვილს გამოთქვამს, მასზე ძებნას გამოაცხადებენ. კოკოითიმ განაცხადა, რომ არჩევნებზე მხარს დაუჭერს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ანატოლი ბაბილოვის კანდიდატურას. გარდა ბაბილოვისა, ბიულეტენში კიდევ 8 გვარი იქნება.

ლენტა.რუ, რუსეთი